ლევან კობიაშვილის პრესკონფერენცია

ლევან კობიაშვილი: დაკავებული ფეხბურთელები მოედანს ვეღარ გაეკარებიან

GFF.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სპეცოპერაცია ჩაატარა და  გარიგებული მატჩების ბრალდებით დააკავა თბილისის "ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის "გურიას“ ორი და "ჭიათურის“ ერთი მოთამაშე. ასევე, სამი ყოფილი ფეხბურთელი.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ "არავის შერჩება" ქართული ფეხბურთისთვის ზიანის მიყენება.

"მიწევს ისეთ მტკივნეულ თემებზე საუბარი, რომელიც ჩვენთვის და ყველასთვის მიუღებელია. ასეთ საქციელს არასდროს შევეგუებით. ეს საქციელი ქართულ ფეხბურთს აზიანებს.

ამ პრობლემის წინააღმდეგ, პირველივე დღიდან ვიბრძვით. არ შერჩება არავის, ვინც საკუთარ თავს აძლევს უფლებას, ქართულ ფეხბურთს ზიანი მიაყენოს. ზოგიერთი ფეხბურთელი ამას ბედავს და ყველაფერს წყალში ყრის.

ჩემთვის გამოძიება დაწყებულიცაა და დასრულებულიც. ჩვენ უმკაცრეს ზომებს მივიღებთ როგორც ფეხბურთელების, ასევე კლუბების მიმართ. დაკავებული ფეხბურთელები მოედანს ვეღარ გაეკარებიან. ამის მისაღწევად, რაც შემიძლია, იმას გავაკეთებ.

"ვიტ ჯორჯიასა" და "რუსთავის" შეხვედრას ვგულისხმობ, ფეხბურთელების ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ვიტ ჯორჯიას ხელმძღვანელებს შევხვდი და ვესაუბრე. მათ უნდა მიიღონ ზომები, უნდა იმოქმედონ. ყველა დაისჯება, ვინც ასე მოიქცევა.

ეს არაა დასასრული, არ გამოვრიცხავ, ძალიან მალე სადისციპლინო კომიტეტზე სხვა ფეხბურთელების გვარები და კლუბების სახელები გამოჩნდნენ. მივმართავ ყველას, ილოცონ, რომ ძალიან მალე მათ შორის მათი გვარები არ ვნახოთ.

ეს საშინელება აღარ უნდა გამეორდეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ფეხბურთი ვეღარ ითამაშონ. ფეხბურთელების ჩადენილ საქციელს გამართლება არ აქვს. ეს ფეხბურთელები მცხეთაში ბეტონზე თამაშობდნენ, დღეს კი, კეთილმოწყობილ სტადიონზე ასპარეზობენ.

ფეხბურთელების დაცვა არავინ გაბედოს. ისინი მიიღებენ იმას, რაც დაიმსახურეს" - განაცხადა კობიაშვილმა.

კომენტარები