NDI-ის კვლევა

NDI: მათგან, ვისაც TBC-ის საქმეზე სმენია, 62% ამბობს, რომ პოლიტიკურად იყო მოტივირებული

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
ტაბულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, რომლის პოლიტიკური ნაწილიც დღეს გამოქვეყნდა, მათგან, ვისაც TBC ბანკის გახმაურებულ საქმეზე სმენია, უმრავლესობა თვლის, რომ ეს საქმე უმეტესად პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული. 

კითხვაზე "ეროვნულმა ბანკმა TBC ბანკის ორ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, გადადგომისკენ მოუწოდა 2008 წელს ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით, იცოდით, თუ არა ამის შესახებ?" - 68% ამბობს, რომ იცოდა, 27% პასუხობს, რომ არ იცოდა. 6%-მა არ იცის. 

მათგან, ვისაც ამ საქმის შესახებ სმენია (68%), 62% თვლის, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უმეტესად პოლიტიკური ინტერესით იყო განპირობებული. მხოლოდ 16% მიიჩნევს, რომ უმეტესად გამოძიებით იყო განპირობებული, ხოლო 22%-მა არ იცის. 

იმ ადამიანებისგან (21%), ვინც ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია "ქართული ოცნება" დგას, 41% თვლის, რომ საქმე პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული, 37% თვლის, რომ გამოძიებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იყო, ხოლო 22%-მა არ იცის. 

ასევე, იმ ადამიანებისგან (15%), ვინც ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დგას, 85% თვლის, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო, 12%-მა არ იცის და მხოლოდ 3% მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება გამოძიებით იყო განპირობებული. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს). 

კომენტარები