აქცია ზუგდიდის საოლქო კომისიასთან - ოპოზიცია თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

livepress

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციას მართავს და N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენებას ითხოვს.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაიგზავნა.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ რუსთავი 2-თან საუბარში თქვა, ბეჭდები, სამაგიდო სიებთან ერთად უნდა გაიცეს არჩევნებამდე ორი დღით ადრე, დალუქულ მდგომარეობაში.

ოპოზიცია, კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თბილისიდან ახალი ბეჭდები გაგზავნოს.

"იმ ბეჭდებით, რომელიც ახლაც გატაცებულია და სხვადასხვა უბნის კომისიის თავმჯდომარეებს, როგორც ჩანს, სახლებში აქვთ წაღებული, ამ ბეჭდებით არჩევნები ზუგდიდში, 19 მაისს, არ ჩატარდება. ამიტომ, ვითხოვთ, რომ თამარ ჟვანიამ გამოაგზავნოს ახალი ბეჭდები, ასევე უნდა მოხდეს, მირანდა მესხის, საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაყენება",- თქვა ბოკუჩავამ. 

ოპოზიციის წევრები კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მირანდა მესხი მათ არ ხდებოდა. მოგვიანებით ის ოპოზიციის 4 წევრთან შეხვედრას დათანხმდა თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

ცოტა ხნის წინ,მომხდარ ცენტრალური საარჩევნო კომისიაც გამოეხმაურა და მხარეებს მოუწოდა საკანონმდებლო ჩარჩოებს არ გასცდნენ. 

"იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, რომელიც ახორციელებს საქმიანობას კანონმდებლობის მიხედვით; აღსანიშნავია, რომ ცესკო და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ცესკოს პოზიციისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ",- ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

კომენტარები