ნინო გვენეტაძე

ბესელია გვენეტაძეზე: არ მჯერა და არც ყოფილა ასე, რომ თანამდებობიდან თავისი ნებით გადადგა

ეკა ბესელიას არ სჯერა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან ნინო გვენეტაძის გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

ბესელიამ პალიტრა ნიუსის ეთერში თქვა, რომ გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომა არ იყო მისი თავისუფალი ნების გამოვლინება - ეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული შიდა დაპირისპირების გამო მოხდა. 

„არც მჯერა და არც იყო ესე, რომ ის თავისი ნებით გადადგა.

მე ქალბატონ ნინოს ვხვდებოდი ხოლმე და ბუნებრივია, ვსაუბრობდით. ვიცი, მისი წუხილი და მისი კრიტიკული დამოკიდებულება ჩინჩალაძის ჯგუფის მიმართ.

მას ჰქონდა კონფლიქტი ამ ჯგუფთან. ის გადადგომას არ აპირებდა. მე მას რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე და სანამ გადადგებოდა, აგვისტოში, გერმანიაში, მაქს პლანკის ინსტიტუტის მიწვევით ვიყავი და ზუსტად იქ უნდა ჩამოსულიყო ნინოც. ერთიანი კონფერენცია უნდა ჩაგვეტარებინა საქართველოს მართლმსაჯულების თემაზე და ველოდებოდით. უცებ განცხადება გააკეთა გადადგომაზე. წინა დღეს ვესაუბრე, არც ფიქრობდა, არც აპირებდა ასეთ რამეს.

როგორც ჩანს, ის იძულებული გახადეს ასეთი გადაწყევტილება მიეღო. არ ვიცი. მე, მაინც მგონია, რომ მოვა დრო, როდესაც ის ისაუბრებს ამ თემებზე. არ ვიცი, თვითონ რატომ ვერ დგამს ამ ნაბიჯს. მე, ჩემი მხრიდან შემიძლია გითხრათ და ჩემს სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიაა, რომელიც ასე ჩვეულებრივ არ იწერება, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასე გადადგება და გადადგომას წინ უსწრებს განცხადებები, რომ ის საბჭოს მხრიდან მძიმე მდგომარეობაში იყო. გახსოვთ ერთი განცხადება, რომ „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი" - ძალიან რთულ სიტუაციაში, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო იმ შიდადაპირისპირების გამო, რაც იყო მასსა და იუსტიციის საბჭოს დანარჩენ წევრებს შორის.

მე, ადამიანურად თანავუგრძნობდი. ჩემი მხრიდან ნამდვილად გამოვხატავდი ამ მზაობას, რომ რითაც შემეძლო, ძალიან პრინციპულად ვიდექი იმ პოზიციაზე, რაც მიმაჩნდა რომ იყო სწორი. მე არ მჯერა და ეს ინფორმაციაც მაქვს, რომ ის იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო და ალბათ, მოვა დრო, როდესაც ის ამაზე ილაპარაკებს. როგორც ჩანს, იყო რაღაცა გარემოებები, რის გამოც მან ეს გადაწყვეტილება არჩია და ამ თემაზე დღემდე ვერ საუბრობს . მე, მართლა მინდა, მას ვუსურვო საკუთარ თავში იპოვოს ის ძალა, რომ თავად ისაუბროს ამაზე. მე, არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომელიც შეიძლება იყოს ტაბუდადებული“, - თქვა ბესელიამ.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან 2018 წლის 2 აგვისტოს გადადგა, განცხადებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა. ის პოსტს 2015 წლის 20 მარტიდან იკავებდა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწის, კახა წიქარიშვილის მტკიცებით, ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო და თანამდებობიდან სწორედ ამიტომ გადადგა. 

გვენეტაძე რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრო-რექტორად დაინიშნა. 

კომენტარები