მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

მაჩალიკაშვილი: სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში თარგმანს ხარვეზები აქვს

ტაბულა

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც 10 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 7 საათზე მეტხანს კითხავდნენ, ამბობს, რომ სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში თარგმანის ხარვეზია. 

ჩანაწერი, რომელიც სუს-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, ქისტურ ენაზეა და მას სუს-ის მიერ ქართული თარგმანის ტიტრები მოყვება. 

"თარგმნასთან დაკავშირებით იყო... ჩეჩნური, ქისტური ენა მარტივი არ არის სათარგმნელად. შეიძლება, ერთმა ადამიანმა სულ სხვანაირად გადათარგმნოს ქართულად, მეორემ - სულ სხვანაირად. აი, პირადად მე, შემიძლია ერთ 10-ნაირად ვთარგმნო ნებისმიერი რამ ქართულ ენაზე. აქედან გამომდინარე, იმ თარგმანში ხარვეზები იყო," - უთხრა მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია "პირველს".

მაჩალიკაშვილისვე თქმით, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და ყველა მათ მიერ დასმულ კითხვას გასცა პასუხი. ის ამბობს, რომ პირველივე დღიდან იცის, რომ სახლშიც და ყველგან სუს მას უსმენს.

"ტყუილად კი არ ვიძახი, ჩემს სიზმრებსაც ისმენენ,"- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

კომენტარები