17 მაისი

ნინო სუხიშვილი: ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას

ნინო სუხიშვილი
ტაბულა

ანსამბლ "სუხიშვილების" დირექტორმა, ნინო სუხიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" ეთერში 17 მაისს დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე ისაუბრა:

"მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ყველანაირი აგრესიის და ძალადობის ყველა ფორმის გამოვლენით, წარმოუდგენელია ჩემთვის და არ მივესალმები ამას არასდროს. უბრალოდ ვთვლი, რომ სამების წინ კონცერტი, საერთოდ სამების სავანე, როგორც ვთქვით, ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი. ამიტომ, იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ. ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. თან მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას.

ჩვენ არავის მიმართ არანაირ აგრესიას არ ვიჩენთ, პირიქით, ტოლერანტულები ვართ ყველას და ყველაფრის მიმართ და ჩემთვის საერთოდ ეკლესია არის სიკეთე და სიყვარული, ღმერთი არის სიყვარული და არ მესმის რატომ მოიაზრება ეს აგრესიად. რასაკვირველია, კი, რაღაც ინციდენტების გამო, ალბათ, არის ეს დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, მაგრამ ცუდი და კარგი და ბოროტი და კეთილი ყველგან არის, ერშიც და ბერშიც." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ გალა კონცერტზე, რომელიც სამების წინ გაიმართება, 2 ცეკვას სუხიშვილების სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები შეასრულებენ. 

გარდა ამისა, 30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებდნენ სუხიშვილები, ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვები. 

ქათამაძემ კონცერტში მონაწილეობა იმავე დღეს უარყო, ასევე, სუხიშვილებმა თქვეს, რომ ანსამბლი საზღვარგარეთაა, ამ ღონისძიებაში კი მათი სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები იცეკვებენ. 

ნატო მეტონიძემ პირველ არხს უთხრა, რომ კონცერტში მონაწილეობის შეთავაზებით მისთვის არავის მიუმართავს, ხოლო როცა ორგანიზატორებს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორ მოხვდა მისი გვარი აფიშაზე, მას მოუბოდიშეს და უთხრეს, რომ ტექნიკური შეცდომა მოხდა. 

აჩიკო ნიჟარაძემ ტაბულას უთხრა, რომ კონცერტში არც ის მონაწილეობს, ვინაიდან 17 მაისს მას ნათია პერანიძესთან ერთად გორში ქართული სიმღერის საღამო აქვს დაგეგმილი. 

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს დააწერა, ერთი წლის შემდგ იმ დღიდან, როდესაც სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფზე იძალადა და მათი მცირერიცხოვანი აქცია ძალადობრივად დაშალა. 

კომენტარები