ნათია თურნავა

თურნავა: 2012 წელს ენმ-სთვის გადარიცხული 35 000 ლარი ჩემი ფული არ ყოფილა, ტექნიკური ტრანზაქცია იყო

ნათია თურნავა
ტვ იმედი

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, 2012 წელს მას ნაციონალურ მოძრაობას თავისი ფული არ შეუწირავს და ის 35 000 ლარი მისი ფული არ ყოფილა. 

"მე არ ვარ ნაციონალური მოძრაობის შემწირველი. მე ჩემი თანხა არ შემიწირავს ნაციონალური მოძრაობისთვის. მართლაც, ეს იყ ტექნიკური ტრანზაქცია. იმ დროს რა კომპანიაში ვმუშაობდი, რამდენიმე მაღალი დონის მენეჯერის ანგარიში იყო გამოყენებული ამ ტრანზაქციისთვის. არ ირიცხებოდა, აქ საუბარია ერთ კონკრეტულ ტრანზაქციაზე, რომელიც არის კონკრეტული ტიპის",- თქვა თურნავამ ტვ იმედის ეთერში. 

მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, გადაირიცხა თუ არა თანხა მისგან დაუკითხავად. 

ღია დოკუმენტაციის მიხედვით, თურნავამ 2012 წლის 1 აგვისტოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 35 ათასი ლარი შესწირა.

ეს მის მიერ განხორციელებული ერთადერთი პოლიტიკური შემოწირულობაა.

ნათია თურნავა ქართული ოცნების დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრი არაა, ვინც 2012 წლის საარჩევნო კამპანიისას ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა. 2012 წლის 2 აგვისტოს, ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ენმ-ს 20 ათასი ლარი შესწირა.

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავამ გიორგი ქობულია 18 აპრილს შეცვალა. თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ პირველად 2000 წელს დაინიშნა. მან თანამდებობა ვარდების რევოლუციის შემდეგაც შეინარჩუნა, 2006 წლის ბოლოდან კი კერძო სექტორში გადაინაცვლა. 2013 წლიდან 2018 წლამდე თურნავა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ვიდრე კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს დაუბრუნდებოდა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიებისათვის განხორციელებული შემოწირულობები საჯაროა. მათი ნახვა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ შექმნილი ვებ-პლატფორმის საშუალებითაა შესაძლებელი.

კომენტარები