თავდაცვის სამინისტრო

შეიარაღებული ძალების მეთაური ჩაჩიბაია აფხაზეთის ომს ქვეყნის "სამოქალაქო ომად" მოიხსენიებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩაჩიბაია აფხაზეთის ომსა და ცხინვალის სამხედრო კონფლიქტს საქართველოს "სამოქალაქო ომებს" უწოდებს. 

ჩაჩიბაიამ ეს საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა. მისი შეფასებით, ბოლო 28 წელში 4 ომიდან მხოლოდ ერთი იყო რუსეთთან. 

"28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ 4 ომი გამოიარა. 3 სამოქალაქო ომი და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი თავდაცვის ძალები ვითარდება,"- თქვა ჩაჩიბაიამ. 

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ.

პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. 1 ოქტომბერს, რუსეთის არმიის დახმარებით, აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და არმიის დახმარებით სხვადასხვა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა 30 000-მდე ქართველი მოკლეს. აფხაზეთი იძულებით 250 000-მდე ქართველმა დატოვა. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა.

კომენტარები