აღდგომა

იერუსალიმის საპატრიარქომ წმიდა ცეცხლის რიტუალი აღასრულა

REUTERS

ათასობით მართლმადიდებელმა იერუსალიმში წმინდა ცეცხლის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. რიტუალი, რომელიც რამდენიმე საუკუნეა სრულდება, მაცხოვრის აღდგომას ეძღვნება და ტრადიციისამებრ ქრისტეს საფლავის ეკლესიაში გაიმართა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე კუვუკლიაში შევიდა და იქიდან ალმოდებული სანთლები გამოიტანა. მორწმუნეთა ნაწილი ამ ცეცხლს ზებუნებრივი წარმოშობისად მიიჩნევს, თუმცა ასეთ სასწაულს არც მსოფლიო საეკლესიო კრებების დოგმატები და არც საეკლესიო კანონები არ ცნობენ. მის შესახებ არ უმსჯელია არც 2016 წელს შემდგარ კრეტის კრებას.

2001 წელს, იერუსალიმის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, პეტრას მიტროპოლიტმა კორნელიუსმა, ბერძნული ტელეკომპანია MEGA-ს ეთერში, გადაცემაში Grizes Zones განაცხადა, რომ "საქმე ეხება ბუნებრივ ცეცხლს, მაგრამ ლოცვები, რომელსაც კითხულობს პატრიარქი ან სხვა, მისი შემცვლელი მღვდელმთავარი, აკურთხებენ ამ წმიდა ცეცხლს, რის შემდეგაც მას აქვს წმიდა ცეცხლის მადლი. ეს არის ბუნებრივი ცეცხლი, რომელსაც ვანთებთ ჩაუქრობელი კანდლიდან, რომელიც ინახება აღდგომის ტაძარში. მაგრამ ლოცვებს შეუძლიათ აკურთხონ ბუნებრივი ცეცხლი და ის ხდება ზებუნებრივი ცეცხლი. სასწაული - ეპიკლეზაშია (სულიწმიდის მოხმობაში), მღვდელმთავრის ლოცვაში, მისით იკურთხება ეს ცეცხლი", - თქვა მღვდელმთავარმა, რომელმაც 2001 წლის 15 აპრილს თავად აღასრულა დიდი შაბათის ცეცხლის კურთხევის წესი.

იმავეს ამბობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. სომეხი იერარქების განცხადებით, პატრიარქისა და სომეხი იერარქის კუვუკლიაში შესვლისას, ორი კანდელი ანთია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2016 წელს, სამების საკათედრო ტაძარში, წმიდა გრიგოლ პალამას ხსენების დღეს განაცხადა, რომ იერუსალიმში "გადმოსული ცეცხლი" ის ნათელია, რომელიც თან ახლავს ღმერთს.

წინასააღდგომოდ, ცეცხლის კურთხევის ტრადიციას არაერთი ქრისტიანული ეკლესია მისდევს, რასაც დღესასწაულთან დაკავშირებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები