ტრეფიკინგი

უკრაინელი ქალი, რომელიც თბილისში 10 ბავშვთან ერთად ჩამოვიდა, ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

უკრაინელი ქალი, რომელიც თბილისში 10 ბავშვთან ერთად ჩამოვიდა, ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ქალი გუშინ ქუთაისის ერთერთ საავადმყოფოში აიყვანეს.

ქალი საქართველოში 8 აპრილს მოსკოვიდან ჩამოვიდა 10 ბავშვთან ერთად, საბუთების მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია, თუმცა როგორც შსს-ს განცხადებაში წერია, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა ტრეფიკინგის საფუძვლიანი ეჭვი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე გადასვლას. ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე ი.ს.-მ სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღნიშნულმა პირმა მიიქცია სამართალდამცველების ყურადღება და დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა, რის გამოც გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვანთა უგულებელყოფის ფაქტზე, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები და მიღებული იქნა 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკავების გადაწყვეტილება," - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ დაკავებული შესაძლოა არ არის ბავშვების დედა და ბიოლოგიური კავშირის დასადგენად დანიშნულია ბიოლოგიური ექსპერტიზა.

ბრალდებულის საქართველოში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში 10-ვე ბავშვი კვებითი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოხვდა. ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესაბამის დაწესებულებებში (მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებაში და ჩვილ
ბავშვთა სახლში).

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები