ვიზალიბერალიზაცია

წულუკიანი: ბოლო დროს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თეა წულუკიანმა ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მინისტრის თქმით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით.

"დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები − ზოგიერთი მათგანი − ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება. რა თქმა უნდა, ეს არის ამოსავალი წერტილი სწორედ უვიზო მიმოსვლისა, რომ ეს არ არის უფლება იქ წასვლის და დარჩენის ან იქ სამუშაოს მოთხოვნის; ეს არის ტურისტული ან სხვა მოკლევადიანი  მიზნებისთვის უვიზოდ მგზავრობის − ჩასვლის და ჩამოსვლის − უნიკალური შესაძლებლობა" - თქვა თეა წულიკიანმა და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი არის ახალგაზრდა თაობის ევროპული მომავლისათვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.

"რომ თავიანთი თანამოაზრეები, მეგობრები ევროპაში მოინახულონ, გაეცნონ იქაურ სისტემას ან, თუნდაც, საზაფხულო სკოლაში მიიღონ მონაწილეობა მოკლე ვადით. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ“, - თქვა შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად უკვე გატარდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი. კერძოდ, გამკაცრდა გვარისა და სახელის შეცვლის რეგულაციები. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონს, რომელიც უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას ითვალისწინებს. 

იუსტიციის მინისტრის თქმით, 2020 წლიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება, გაიზრდება მისი უსაფრთხოება და მეტად დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 

კომენტარები