კერზაიას შვილი: სისტემური დანაშაულის ნიშნებია, საგამოძიებო ქმედებების უმეტესობა ფორმალურია

ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ია კერზაია
fb.com

ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ დედის გარდაცვალების საქმის მასალებს დეტალურად გაეცნო, სურათი კი იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე წარმოედგინა. 

შენგელია წერს: 

გავეცანით ია კერზაიას საქმის მასალებს დეტალურად. სურათი გაცილებით მძიმეა, ვიდრე ვვარაუდობდი და წარმოგვედგინა:

1. გამოძიება მიდის აბსოლუტურად მცდარი მიმართულებით და საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი უმრავლესობა არის სრულიად ფორმალური.

საქმე ეხება პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნას, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია და ამ საქმეზე არ არის გამოკითხული ფორმალურადაც კი, საქმის მთავარი ფიგურანტი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. სამაგიეროდ, გამოკითხული არიან სკოლის დამლაგებლები, სპორტის მასწავლებელი და საქმეთან შემხებლობის არმქონე პირები.

სავარაუდო დანაშაულის უშუალო შემსრულებლები, ელისო ჯაფარიძე და ნოდარ წამალაშვილი მოწმის სახით გამოკითხული არიან მხოლოდ გუშინ და გუშინწინ, 16 და 17 აპრილს (!).

2. სამინისტროს შენობაში განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღებაზე მიმართვა გაკეთებულია შემთხვევიდან ოთხი თვის (!) გასვლის შემდეგ და პასუხი სამინისტროდან რა თქმა უნდა არის, რომ ჩანაწერები წაშლილია. ამ ჩანაწერებით დადასტურდებოდა, რომ არავითარი ლავრენტი ქირია სამინისტროში არ მისულა 8 ნოემბერს და ეს ე.წ. საჩივარი სამინისტროშივე შეადგინეს.

არ არის გამოკითხული კანცელარიის თანამშრომელი, რომელიც ე.წ. საჩივრის მიღების დროს იყო მორიგე და რომელსაც უნდა ჩაებარებინა საჩივარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. არ არის ამოღებული სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების მობილური ნომრების დეტალური ამონაწერი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დევნის ,,ოპერაცია'' წინასწარ იყო დაგეგმილი.

გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ არის გამოკითხული ქ. ზუგდიდის რესურცენტრის ხელმძღვანელი, რომლის მიმართაც ქ. ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და არაერთი მოწმე პირდაპირ ჩვენებებს იძლევა. არ არის გამოკითხული არც თვითონ მე-7 სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი.

4. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის კითხვები არის დასმული ისეთი ფორმულირებით, რაზედაც მიწოდებული მასალების საფუძველზე ექსპერტი კონკრეტულ პასუხს ვერანაიდან ვერ გასცემდა. შესაბამისად, ექსპერტიზამ საქმე შეუსრულებელი ფორმით 16 აპრილს უკან დაუბრუნა გენერალურ პროკურატურას (ერთი თვე მოუნდა უარის თქმას).

ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს მიერ 25 თებერვალს იყო ექსპერტისთვის დასასმელი კითხვები შეთავაზებული და ამ კითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდებოდა საქმის გამოძიებისთვის. ამ კითხვებით ჩვენ ორჯერ მივმართეთ ექსპერტიზას, თუმცა ერთხელ სპეციალისტის მოუცლელობის (!) გამო გვეთქვა უარი, მეორე შემთხვევაში კი ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალისტის გამოყოფაზე უარი განაცხადა (!).

ზემოთ ჩამოთვლილი საგამოძიებო მოქმედებები იყო პირველადი ღონისძიებები, რომლებიც მყისიერად უნდა ჩატარებულიყო, არაფერს ვამბობ უამრავ სხვა შედარებით რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც არსებული რეალობიდან გამომდინარე ალბათ ფიქრიც ზედმეტია.

სრულიად გაოგნებული ვარ საქმის მასალებში დანახულით. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურამ ზუსტად იცის დანაშაულის სქემა, ასევე დამნაშავე პირების ვინაობა და გამოძიების დაწყების დღიდან ყველა მოქმედება მიმართულია ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის გვერდის ასავლელად.

ყველა ამ ფაქტის ანალიზის შედეგად მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში არსებობს სისტემური დანაშაულის ნიშნები. უკვე დიდი ხანია, საქმე გასცდა განათლების სამინისტროს ფარგლებს და მასში უკვე ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზა, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები. ჩართულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც არათუ პასუხისმგებლობას არ იღებს დანაშაულის დროულად და ეფექტურად გამოძიებაზე, მათ შორის ევროპარლამენტარების შეშფოთების პასუხად, არამედ საქმის ფორმალურად გამოძიების დასრულებამდეც არ ათავისუფლებს განათლების მინისტრს. პირიქით, ხელს აფარებს განათლების მინისტრს და სამინისტროს არაერთ მაღალჩინოსანს.

დღეის შემდეგ არ მაქვს არანაირი იმედი და მოლოდინი, რომ საქართველოში, ამ ხელისუფლების პირობებში ია კერზაიას საქმე იქნება ობიექტურად გამოძიებული. ამიტომ, ვიწყებთ მუშაობას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცედურებს და აუცილებლად დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს უკვე საერთაშორისო დონეზე.

მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სრულად, დაინტერესდნენ საქმის დეტალებით. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოების წევრებს. არ დავუშვათ კიდევ ერთი სისტემური დანაშაულის ჩადენა ჩვენს ქვეყანაში, დროულად მივაქციოთ სათანადო ყურადღება ამ საქმეს.

მე კი, რა თქმა უნდა ვაგრძელებ ბრძოლას ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემამდე, იას სიმართლის დამტკიცებამდე და საბოლოო გამარჯვებამდე". 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერმინისტს, მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს. 

კომენტარები