დიმიტრი ცქიტიშვილი

ცქიტიშვილი რამიშვილზე: სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულთან თანამშრომლობა დისკომფორტია

​საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ მისთვის დისკომფორტია იმ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელიც ბრალდებულია სექსუალურ შევიწროებაში. საუბარია შალვა რამიშვილზე, რომელსაც ყოფილი თანამშრომელი, თათია სამხარაძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და სასამართლომ შევიწროების ფაქტი დაადგინა.

რამიშვილთან დაკავშირებით 9 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რუსთავი 2-ის "სცენარებს" ის და მისი POSTV სცემენ პასუხს, თუმცა გაცილებით ცოტა შედეგს იღებენ.

ტაბულამ დიმიტრი ცქიტიშვილს ჰკითხა, რა აზრისაა იმაზე, რომ გამოძალვაში ნასამართლევი და სექსუალური შევიწროებაში მხილებული პირი მონაწილეობს იმ პარტიის პიარში, რომლის წევრიც თვითონაა.

როგორც დეპუტატმა ტაბულას უთხრა, ივანიშვილის ამ განცხადებიდან თავისთავად არ გამომდინარეობს, რომ რამიშვილი "ქართული ოცნების" პიარში მონაწილეობს. თუმცა, დეპუტატის თქმით, საარჩევნო პერიოდში, "თუ არ ცდება", იყო დაკავშირებული.

"გამოძალვაზე ნასამართლეობაზე არ ვიცი რამდენად ობიექტური იყო წინა ხელისუფლება, მაგრამ თათია სამხარაძის საქმეზე გეტყვით - იმ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში არის ბრალდებული, ჩემთვის დისკომფორტია", - თქვა ცქიტიშვილმა.

აქვე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის განცხადება არ იყო აღიარება პარტიის პიარში შალვა რამიშვილის მონაწილეობის შესახებ. ტაბულას კითხვით, სხვა რა მიზნით უნდა სცემდეს რამიშვილი და მისი ტელევიზია პასუხს "რუსთავი 2-ის სცენარს", ცქიტიშვილი პასუხობს:

"ტყუილის გამოსააშკარავებლად, სიმართლის დასადგენად".

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა, რომ რუსთავი 2 სცენარებს წერს და "წადი და იმართლე მერე თავი, როგორც გინდა". ივანიშვილის თქმითვე, "მერე გამოდის პატარა შალვა რამიშვილი ან ვიღაც Postv-ში, ამას გასცემს პასუხს, იქ მაყურებლების რაოდენობა გაცილებით ცოტაა და შედეგს იღებენ".

შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2014 წელს მან ადმინისტრაცია დატოვა და ტელეკომპანია იმედზე გადაცემა გააკეთა. სწორედ ამ გადაცემის თანამშრომელი იყო თათია სამხარაძე, რომელმაც რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა და დავა ყველა ინსტანციაში მოუგო. რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა "იმედმა", რის შემდეგაც, მალევე, მან ინტერნეტ ტელევიზია POSTV გააკეთა, რომელიც პროსახელისუფლებო გამოცემაა.

აღსანიშნავია, რომ 2005 წელს შალვა რამიშვილი დეპუტატისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 2009 წელს მან საპატიმრო დატოვა.

კომენტარები