უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019

პოროშენკო: ზელენსკის სადებატოდ სტადიონზე 14 აპრილს ველოდები

Главред

უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი და ასევე მეორე ტურში საპრეზიდენტო კანდიდატი პეტრო პოროშენკო ოპონენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და ამბობს, რომ ის სტადიონზე სადებატოდ 14 აპრილს დაელოდება. 

ამის შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა პოროშენკომ ტელერახ "უკრაინას" ეთერში ერთერთ გადაცემაში ილაპარაკა. 

"თუკი მან ეს აირჩია და სხვა ყველა ადგილას დებატების ჩატარებაზე უარს ამბობს, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 14 აპრილს, მომდევნო კვირა დღეს, რესპუბლიკურ სტადიონზე, ზუსტად იქ, სადაც ბატონმა ზელენსკიმ მოითხოვა, დაველოდები მას დებატების ჩატარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ 19:00 ან 20:00 ოპტიმალური დრო იქნება. ვიწვევ ასევე მაყურებლებსაც, როგორც ბატონ ზელენსკის სურდა, ვიწვევ ყველა არხს იმისთვის, რომ დებატები ზუსტად ისე ჩატარდეს, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა,"- თქვა პოროშენკომ. 

სტადიონ "ოლიმპიკზე" დებატების ჩატარების ინიციატორი ზელენსკი იყო. ამ იდეით ის 4 აპრილს გამოვიდა და მოქმედ პრეზიდენტს მოსაფიქრებლად 24 საათი მისცა. 

უკრაინის საარჩევნო კომისიამ კანდიდატებს შესთავაზა დამოუკიდებლად გადაიხადონ ღონისძიების საფასური, რადგანაც ის წინასაარჩევნო აგიტაციად შეიძლება, ჩაითვალოს. თუკი დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე ჩატარდებოდა, კანონის მიხედვით, ის 19 აპრილს გაიმართებოდა. 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს ჩატარდება. 

კომენტარები