ჭავჭავაძის ქუჩაზე დაღუპული მუშების საქმე

გახარია ჭავჭავაძეზე მუშების დაღუპვაზე: შრომის უსაფრთხოების დაცვა მთავრობის პრიორიტეტია

გიორგი გახარია
პარლამენტი

"საერთოდ შრომის უსაფრთხოების დაცვა, მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ერთერთი პრიორიტეტია" - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვას ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ, რომელმაც ორი მუშა იმსხვერპლა. 

"ეს იყო აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა. საერთოდ შრომის უსაფრთხოების დაცვა, მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ერთერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია. თებერვლიდან ძალაში შევიდა მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე და პირველი სექტემბრიდან სრულიად ყველა სახის კომპანიისა და საწარმოსთვის ამოქმედდება,"- ამბობს გახარია. 

მინისტრის თქმით, ახალი რეგულაციები მუშების უფლებებს დაიცავს და კანონმდებლობის არაღსრულების მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში წლების განმავლობაში არ არსებობდა შრომის ინსპექცია. 

"რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯებთან დაკავშირებით ქვეყანაში, სადაც შრომის ინსპექცია, როგორც ასეთი, წლების განმავლობაში არ არსებობდა, გარკვეული აღსრულების პრობლემები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მენეჯმენტის საკითხია და ეს ყველაფერი მგვარებადია. მთავარია, რომ სახელმწიფოს ნება არსებობს და მთავარია, რომ კანონმდებლობა უკვე არსებობს და 1 სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს ზრუნვა თითოეული ჩვენგანის, მოქალაქის, მთავრობის წევრის და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორის,"- ამბობს გახარია. 

"სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების” მიმდინარეობისას, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მიწის მასა 31 მარტს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და ქვეშ მუშები მოიყოლა. 26 წლის მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს, 40 წლის კაცს კი, 8 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები