უკრაინა

უკრაინის სკოლებში ყალბი ამბებისა და პროპაგანდის ამოცნობას შეასწავლიან

Aleksey Filippov/AFP/Getty Images

უკრაინაში სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამით საშუალო სკოლის მოსწავლეები ყალბი ინფორმაციისა და პროპაგანდის ამოცნობას ისწავლიან.

პროგრამა „ისწავლე, რომ ამოიცნო - სკოლებში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციამ IREX უკრაინული პრესის აკადემიასთან და ორგანიზაციასთან StopFake-თან პარტნიორობით შეიმუშავა. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ პროგრამის მიზანი უკრაინის ახალი თაობისთვის კრიტიკული აზროვნების შესწავლა და ინფორმაციის მიღების ტექნიკების დაუფლებაა, რითაც მოსწავლეები დეზინფორმაციას, პროპაგანდასა და მანიპულაციის სხვა ფორმებს გაარჩევენ.

უკრანის ოთხ ქალაქში - ჩერნიგოვში, ტერნოპოლში, მარიუპოლსა და დნეპრში ყალბი ამბებისა და პროპაგანდის ამოცნობას უკვე სწავლობენ. პროგრამა უკვე 50 სკოლაში გამოსცადეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საპილოტე კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები უკეთ არჩევენ ფაქტს მოსაზრებისგან, ცნობენ ე.წ. სიძულვილის ენას და ხვდებიან, თუ სად არის ინფორმაცია გამოტოვებული.

„ისწავლე რომ ამოიცნო - სკოლებში“ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოები აფინანსებს.

საგანმანათლებლო კურსი 15 გაკვეთილისგან შედგება. ამჟამად გაკვეთილები სხვადასხვა საგნის ნაწილად ისწავლება. მაგალითად, ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებს ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა შეემოწმებინათ ვიდეოები, რომლებსაც შესაძლოა მანიპულაციისთვის იყენებდნენ. 

საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის IREX გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საპილოტე გაკვეთილების ჩატარების შემდეგ დაადგინეს, რომ მე-8 და მე-9 კლასელი მოსწავლეები ყველაზე უკეთ ითვისებენ ყალბი ინფორმაციის ამოცნობის ტექნიკებს.

მოსწავლეები, რომლებიც ამ გავკეთილებს დაესწრნენ დიდი ალბათობით ცნობდნენ ე.წ. სიძულვილის ენას და 18%-ით უკეთ არჩევდნენ ყალბ ინფორმაციას რეალურისგან.

უკრანიაში IREX-ის წარმომადგენლის, მერი დრუქმანის, თქმით, 2021 წლამდე პროგრამა უკრაინის 650 სკოლაში დაინერგება.

ორგანიზაციამ IREX ყირიმის ანექსიის შემდეგ 2015 წელს პირველად დაიწყო პროგრამა „ისწავლე, რომ ამოიცნო“. ორგანიზაციის წევრები თავდაპირველად ზრდასრულებს მთელ ქვეყნაში ასწავლიდნენ ყალბი ინფორმაციის ამოცნობას. ამჟამად პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გუატემალაში, იორდანიაში, სერბეთსა და ტუნისშიც ხორციელდება.

კომენტარები