აშშ

აშშ-ის გენ. პროკურორი: მალერის გამოძიებამ ტრამპის კამპანიის და რუსეთის კავშირი ვერ დაადგინა

რობერტ მალერი / დონალდ ტრამპი
VanityFair

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა კონგრესს რობერტ მალერის სპეციალური გამოძიების ანგარიშის შინაარსი გააცნო. მისი თქმით ანგარიშში არ არის იმის მტკიცებულება, რომ დონალდ ტრამპის კამპანიას 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთთან საიდუმლო კავშირები ჰქონდა.

ბარმა ხაზი გაუსვა ანგარიშის იმ ნაწილებს, სადაც საუბარია რუსეთის მცდელობაზე გავლენა მოეხდინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

"სპეციალურმა გამომძიებელმა ვერ დაადგინა, რომ რომელიმე ამერიკელი ან ტრამპის კამპანიის წარმომადგენელი შეგნებულად თანამშრომლობდა და საიდუმლო კავშირები ჰქონდა რუსეთთან." თქვა მან.

ბარის თქმით ანგარიშში არც ის დასკვნაა გამოტანილი, რომ პრეზიდენტი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას ცდილობდა. მისი თქმით ამისათვის საკმარისი მტკიცებულებები ანგარიშში არ არის წარმოდგენილი.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ანგარიში არ ასკვნის, რომ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა, ის მას ბრალდებებისგან არ ათავისუფლებს." წერია მალერის ანგარიშში.

პასუხად დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა:

"არანაირი შეთქმულება, არანაირი ობსტრუქცია, სრული გათავისუფლება ბრალდებებისაგან. შევინარჩუნოთ დიდებული ამერიკა!"

ტრამპმა კვირას თქვა, რომ სამარცხვნოა, რომ ქვეყანას ამის გავლა მოუწია და გამოძიებას მისი გადაყენების არალეგალური მცდელობა უწოდა, რომელმაც არ იმუშავა.

რობერტ მალერის გამოძიება ორი წელია მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს ტრამპის კამპანიასთან დაკავშირებულ პირებს. მათ შორის ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი და ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი. სტოუნს ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა და მოწმეებზე ზეწოლა ედება, ხოლო მანაფორტს თაღლითობა და გადასახადებისათვის თავის არიდება.

წინასაარჩევნო კამპანიისას ფინანსების თაობაზე კანონის დარღვევა და ტრამპის საყვარლებისათვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდა აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმაც.

თუმცა, ეს ბრალდებები რუსეთთან ტრამპის კამპანიის კავშირებს არ უკავშირდება.

უილიამ ბარის თქმით მალერის ანგარიში რედაქტირების შემდეგ გასაჯაროვდება.

კომენტარები