ენმ-ის თავმჯდომარე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. დღეს პარტიის რიგით მე-8 ყრილობა გაიმართა. 

პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მსოლოდ გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი. მანამდე მოვალეობას ნიკა მელია ასრულებდა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-8 ყრილობა სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს. ყრილობას ენმ-ს და ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას წევრები ესწრებიან, ასევე იმყოფებიან სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებიც. 

რამდენიმე დღის წინ პარტიის თავმჯდომარის არჩევისკენ მოუწოდა მიხეილ სააკაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 20 იანვარს ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე, ენმ-მ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელიც გულისხმობდა, რომ პარტია თავმჯდომარის პოსტს ვაკანტურად დატოვებდა იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდებოდა. 

პარტიის ყრილობას წინ უძღოდა 12 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფა, რომლის შედეგადაც პარლამენტის 21-მა დეპუტატმა პარტია დატოვა და ახალი პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ჩამოაყალიბა. პარტიის დაშლის მიზეზად, სხვა საკითხებთან ერთად, თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაც სახელდებოდა. პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც ენმ დატოვეს, თავმჯდომარის არჩევა უნდოდათ, ხოლო დარჩენილები კი თვლიდნენ, რომ პოსტი ვაკანტური უნდა ყოფილიყო და რომ თავმჯდომარის არჩევით მიხეილ სააკაშვილის გავლენის შესუსტება სურდათ. 

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ პარლამენტის მანდატებზე, რასაც ენმ-ის დეპუტატები არ დაემორჩილნენ.

კომენტარები