გახარია: TBC-ზე კიბერ შეტევასთან დაკავშირებით გამოძიება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მოგვმართავდნენ

​საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თიბისი ბანკზე კიბერ შეტევასთან დაკავშირებით გამოძება ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ბანკის წარმომადგენლები წერილით მიმართავდნენ.

"კიბერ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მომართვა შედგებოდა. ამ საქმესთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში მექნება დეტალებში შესვლის საშუალება. კიბერ თავდასხმის ლოკაცია უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით ამ კონკრეტული ადრესატისგან. გარდა ამისა, უკვე საფრთხეც იყო ლიკვიდირებული. ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება, გავშლი ამას და მოგიყვებით დეტალურად", - თქვა გიორგი გახარიამ.

აქვე, ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს ლოკაცია რუსთაველის N12, შს მინისტრმა თქვა: "დიახ".

თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით მედიის სხვა კითხვებს გიორგი გახარიამ დღეს არ უპასუხა. მან გაზრდილ კრიმინალთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, ასევე, ისაუბრა მის მიმართ ბრალდებებზე და თქვა, რომ ეს პოლიტიკური მოტივაციითაა განპირობებული. 

"​ეს ყველაფერი არის განპირობებული პოლიტიკური კონტექსტით, პოლიტიკური მოტივაციით და გასაგებია.ეს არის ოპოზიციური ნარატივი და ეს მისაღებია. ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე, როგორც წერილს... გახსოვთ? იყო ასეთი ბრალდება, რომ გახარია აიძულებს თიბისი ბანკს წილების დათმობას. შემდეგ ამას რა რეაქცია მოჰყვა თიბისი ბანკის მფლობელებისგან - არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში პრემიერმინისტრთან ერთად იმყოფება. მამუკა ბახტაძესთან დეპუტატებს შეკითხვები სხვადასხვა მიმდინარე საკითხზე აქვთ, მათ შორის, გაზრდილ კრიმინალზე.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას, TBC ბანკის დამფუძნებელმა თქვა, რომ ბანკზე კიბერ შეტევა 2018 წლის ივლისში მოხდა და ამის შესახებ გიორგი გახარიას პირადად მისწერა. თუმცა, გამოძიების შედეგი არ იცის.

"2018 წლის ივნისში 4 უწყების შემოსვლას TBC ბანკში საეჭვოდ დაემთხვა კიბერშეტევა",- მამუკა თქვა ხაზარაძემ.

14 მარტს კი ტელეკომპანია პირველის გადაცემა "ღამის ამბებმა" გაავრცელა წერილები, რომლებიც, მათი ინფორმაციით მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა. წერილები 2018 წლის ზაფხულში TBC ბანკზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხება. როგორც წერილებიდან ჩანს, ბანკზე კიბერშეტევის მცდელობა 2018 წლის 16 ივლისს მოხდა. პირველი წერილი შს სამინიტროს 17 ივლისს გაუგზავნეს. ერთი თვის შემდეგ ბანკმა დაადგინა, რომ შეტევა რუსთაველის ნომერ 12-ში მდებარე ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობიდან მოხდა და ინფორმაცია შს სამინისტროს მაშინვე აცნობა.

ამასთან, ცნობილია, რომ წერილში ნახსენები რუსთაველის 12 ნომერში მდებარე ოფისი კოკა ყანდიაშვილს აქვს ნაქირავები.

კომენტარები