თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მის დაკავებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან კვირის პალიტრასთან ინტერვიუს დროს თქვა. ხაზარაძის თქმით, ის, რომ ვრცელდება მესიჯები მის დაკავებასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიური ზეწოლაა.
"ჩემი პარტნიორები ამას რომ მეკითხებიან, არ არის ეს მათზე ზემოქმედების ბერკეტი?" - ამბობს ხაზარაძე.
კითხვაზე, გამორიცხავთ, რომ მართლაც დაგაკავონ?, თიბისი ბანკის დამფუძნებელი პასუხობს - "ამ სიტუაციაში მე არაფერს გამოვრიცხავ".
მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე TBC ბანკის ირგვლივ არსებულ მრავალ საკითხზე ისაუბრა. ის მოყვა 2007-2008 წლების ტრანზაქციების დეტალებს, რაზეც პროკურატურამ 11 წლის შემდეგ გამოძიება დაიწყო, ასევე თქვა, რომ გიორგი გახარიამ მას მუქარის წერილი გაუგზავნა.
მომდევნო დღეს, 5 მარტს მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში ჩვენება მისცა, 6 მარტს კი პროკურატურამ ხაზარაძის მიერ სასამართლოში მიტანილი წერილი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ გახარია ხაზარაძეს სამ რამეს სთხოვს:
- უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).
- მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).
- არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან.
კითხვაზე, დაკითხავენ თუ არა შს მინისტრს გიორგი გახარიას, პროკურორი ამბობს, რომ "გამოძიება გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება საქმეზე ობიექტური სურათის შესაქმნელად, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა ჩვენ გვაქვს ე.წ დოკუმენტი, რომელსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს, იგი არის ასლი და მით უმეტეს, ბატონი ხაზარაძე არ ასახელებს შუამავალს, ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე მოქმედების შესაძლებლობას".





