ღარიბაშვილი: 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება შემოუძღვა რუსულ ჯარს, ასე შეიძლება, ითქვას

ირაკლი ღარიბაშვილი
რუსთავი 2

ყოფილი პრემიერმინისტრი, ამჟამად ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წელს ტერიტორიების დაკარგვაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. მან TV პირველის გადაცემა რეაქციაში თქვა, რომ წინა ხელისუფლება "რუსეთის ჯარს შემოუძღვა". ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ "ნებისმიერ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში, არც ერთ ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც ქვეყანა დაკარგავდა ტერიტორიებს, ასობით სოფელს, მოქალაქეები დაიხოცებოდნენ, მათ უბრალოდ არათუ პოლიტიკური უფლება აღარ ექნებოდათ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ, ისინი უბრალოდ, მე არ გამოვრიცხავ, რომ რიგ შემთხვევაში, ყოფილიყო მათი პასუხისმგებლობის დაყენება". 

კითხვაზე, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ, როდესაც რუსეთი ბომბავს, ყოფილი პრემიერი ასე პასუხობს - "მე გეტყვით მარტივად, როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი, სახელმწიფოს მართავ და შენს ხალხზე ზრუნავ, იღებ პასუხისმგებლობას ხალხზე, შენ უნდა იყო ვალდებული, რომ დაიცვა შენი მოქალაქეები და სახელმწიფო და არ დაკარგო ტერიტორიები, შენ თავიდან უნდა აიცილო ის დიდი განსაცდელი, როგორიც არის ტერიტორიების ოკუპაცია და არ უნდა შემოუძღვე, ასე ვთქვათ, რუსულ ჯარს".

კითხვაზე, რუსული ჯარისთვის შემოძღოლაში ადანაშაულებს წინა ხელისუფლებას? ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა - "პრაქტიკულად, ასე შეიძლება ითქვას. ჩვენ მივიღეთ ხელახალი ოკუპაცია, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების, ვიდრე იყო მანამდე, ეს შედეგია, საზოგადოება ამას ძალიან კარგად აცნობიერებს და ჩვენი შეხსენება ამას არ სჭირდება".

ამასთან, ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.

"გეთანხმებით, ჩვენს ტერიტორიებზე ვერ დავიწყებდით ომს, მაგრამ იქამდე როგორ მივედით, როგორ მივიდა სააკაშვილი, როგორ მართა იმ გუნდმა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს დაბრუნების პრეტენზია, მე ამ კონტექსტში შევეხე ამ თემას" - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა TV პირველის ეთერში.

კომენტარები