ხაზარაძის ადვოკატი: პროკურატურას განემარტა, რა პირობებში და ვისგან მიიღო წერილი

youtube.com EY Global

TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ ხაზარაძემ პროკურატურას დაკითხვაზე ყველა დეტალი განუმარტა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მუქარის წერილს ეხებოდა. 

ამის შესახებ კორძაძემ ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოში ხაზარაძის დაკითხვის შემდეგ ისაუბრა. 

"სასამართლოზე დაკითხვისას პროკურატურას გადაეცა წერილის ასლი. სრულ შინაარსს ფლობს. აბსოლუტურად ყველა დეტალი მისთვის იქნა განმარტებული - რა პირობებში, ვისგან მიიღო წერილი. დანარჩენს ვერაფერს მოგახსენებთ. წერილის ორიგინალი, როგორც ბატონმა მამუკამ აღნიშნა, გაგზავნილია ლონდონში,"- ამბობს კორძაძე.

პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა ხაზარაძის დაკითხვის შემდეგ თქვა, რომ TBC ბანკის დამფუძნებელმა სასამართლოში კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი წარმოადგინა, "რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია". პროკურორის თქმით, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ გახარიას მუქარის წერილი შუამავალმა მიაწოდა, მაგრამ ამ შუამავლის ვინაობა არ დაასახელა.

მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მან სასამართლოს გახარიას წერილის ასლი გადასცა, რადგან ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. წერილის შესახებ დამატებით დეტალებზე, თუ კონკრეტულად, რას ითხოვდა მისგან გიორგი გახარია და რა ფორმით მიიღო ეს წერილი, ხაზარაძე კვლავ არ საუბრობს და ამბობს, რომ დაე, ეს პროკურატურის კომპეტენცია იყოს, "რამეთუ პრესკონფერენციებს კარგად ატარებენ". 

მამუკა ხაზარაძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე დაიწყო და 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ის, მისივე მოთხოვნით, მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. 

4 მარტს პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძე და ბანკი რეპუტაციული ზიანის წინაშე დადგებოდა. 

ხაზარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ წერილის შესახებ თავის დაკითხვის ოქმშიც ისაუბრა, თუმცა 3 პროკურორიდან არცერთს მისთვის ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა თავად პროკურატურამაც, რომელშიც უწყება წერს, რომ ხაზარაძე ლაპარაკობდა მუქარის წერილზე, მაგრამ მას გიორგი გახარია არ უხსენებია.

შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ხაზარაძის ნათქვამს ტყუილი უწოდა და თქვა, რომ "ის წერილებს არ წერს, სათქმელს პირდაპირ და პირში ეუბნება ყველას".

კომენტარები