აივ/შიდსი

შიდსის ცენტრი: მარტის მონაცემებით, აივ ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

შიდსის ცენტრი

შიდსის ცენტრის ინფორმაციით 2019 წლის 4 მარტის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია 7521 აივ ინფიცირებული პირი, 5630 – მამაკაცი, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა, 1540 გარდაიცვალა.

31 იანვრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4636 (4096 + 540 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (36 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

  • ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია - 39.6 % (2976)
  • დაინფინცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად - 46.5 % (3501) -
  • მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან - 11.3 % (850)  
  • დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით - 1.4 % (105)  
  • სისხლის რეციპიენტია - 0.5 % (37) 
  • გადაცემის გზა დაუდგენელია - 0.7 % (50) 

ცენტრის მონაცემებით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2758 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 951 (აქედან ზუგდიდი - 641); შემდეგ იმერეთში 933 (ქუთაისი 455);

  • აჭარაში 839 (ბათუმი – 543);
  • აფხაზეთში (474);
  • კახეთში (361)
  • ქვემო ქართლში (387);
  • შიდა ქართლში (285);
  • გურიაში (157);
  • ფოთში (113);
  • სამცხე-ჯავახეთში (109) და ა.შ.

მათივე ინფორმაციით, ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:

2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672.

2019 წელს გარდაიცვალა 24აივ ინფიცირებული. 2018 წელს - 135, 2017  წელს - 127, 2016 წელს - 168,  2015 წელს - 94, 2014  წელს - 84 პირი.

2019 წელს 15 გარდაცვლილთაგან: 18 მამაკაცია და 6 ქალი.

ცენტრის ინფორმაციით, სულ საქართველოში გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 42 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით:

  • ვერტიკალური (დედიდან) გადაცემით -103 შემთხვევა (მათგან 1 - ძუძუთი კვებით);
  • 4 სისხლის რეციპიენტია;
  • 2 პაციენტის ინფიცირების გზა დაუდგენელია.

საქართველოში რეგისტრირებულია 399 ორსული პაციენტი.

რა არის აივ/შიდსი

აივ, იგივე ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი. შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - ეს არის ვირუსი, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს, როდესაც 1980 წლებში აშშ-ში გავრცელდა. ამ ქვეყანაში ის, სავარაუდოდ, აფრიკიდან გავრცელდა, საიდანაც სამედიცინო მიზნებისთვის სისხლის იმპორტი ხდებოდა. სისხლის ნაწილი, სავრაუდოდ, აივ/შიდსით-ით იყო ინფიცირებული. 

ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვითარდება. ამას ე.წ ფანჯრის პერიოდი ეწოდება და თუ ადამიანი ანალიზს დაინფიცირებიდან 2-4 კვირის შუალედში გაიკეთებს, შესაძლოა აივ-ზე უარყოფითი პასუხიც მიიღოს, ამიტომ, შესაბამის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ანალიზის ხელახლა გაკეთება აუცილებელია. 

მას შემდეგ, რაც აივ ინფექცია ორგანიზმში მოხვდება, მთავარი სამიზნე CD4, ე.წ იმუნიტეტის უჯრედები ხდება. აივ ვირუსის უჯრედები სწორედ იმუნიტეტის უჯრედებს აზიანებს, რაც საბოლოოდ მათ კვდომას იწვევს. ამას კი, ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებამდე მიჰყავს. 

სისხლში CD4-ის რაოდენობა 600-დან 1200 ერთეულამდე მერყეობს, აივ-ის "შეტევის"შედეგად კი მათი რაოდენობა მცირდება. როდესაც იმუნიტეტის უჯრედები 500-ს ჩამოსცდება, რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება, რომელიც საქართველოში უფასოა. 

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ უჯრედების რაოდენობა 200-ზე ნაკლები გახდა, ვითარდება შიდსი, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება. 90-იან წლებში, შიდსის ეტაპზე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 თვემდე მერყეოდა, ახლა კი, მკურნალობის დახმარებით, შიდსის ეტაპზე მყოფი ადამიანების სიცოცხლე ათწლეულებიც შეიძლება გაგრძელდეს.  

აივ-ით ინფიცირების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან: 

  • მამაკაცები რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ)
  • ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები
  • სექს მუშაკები

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.

გადაცემას ასევე იწვევს შიდსით დაავადებულთან დაუცველი (კონდომების გამოყენების გარეშე) სქესობრივი კავშირი და კონტაქტი სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებულ პარტნიორთან, რაც ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. ასევე, რისკ ფაქტორია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას დაბინძურებული შპრიცების გამოყენება. 

აივ ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს
  • შიდსით დაავადებული დედიდან  შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს
  • დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას  (რისკ-ჯგუფს  სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)
  • ჰემოტრანსფუზიის დროს (ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას)
  • ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)
     

ვირუსი არ გადაეცემა: 
 

  • წყლით
  • ჰაერით
  • მწერებით
  • ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.
  • ხელის ჩამორთმევით
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით
  • კოცნით
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობისას

 

კომენტარები