სასამართლო სისტემა

თავდემები: ივანიშვილის წყალობით, "მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანმა" უპრეცედენტო უფლებები მოიპოვა

"საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ხელში აქვს ჩაგდებული მოსამართლეთა ჯგუფს, რომელსაც საზოგადოებაში „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს“ უწოდებენ," - თავისუფალი დემოკრატები სასამართლო რეფორმის კონცეფციას წარადგენენ. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აუცილებელია გადამჭრელი ზომების მიღება. 

"ქვეყნის ფაქტიური მმართველის ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების მაღალი ეშელონების წყალობით, კლანმა უპრეცედენტო უფლებამოსილებები, გარანტიები და პრივილეგიები მოიპოვა, რომლებიც ბევრად სცდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით განსაზღვრულ ჩარჩოებს. კლანის კონტროლის ქვეშ იმყოფება მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი. შეიქმნა მთლიანად ჩახურული სისტემა, რომელიც, ერთი მხრივ, მთლიანად დამოკიდებულია პოლიტიკური ხელისუფლების ნებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, აბსოლუტურად იმუნურია კონსტიტუციური ორგანოების კონტროლის მიმართ. ფაქტიურად, შეიქმნა სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელიც აღარ არის ანგარიშვალდებული დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროს - ხალხის წინაშე. შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აუცილებელია, რომ მიღებულ იქნეს გადამჭრელი ზომები, რათა აღკვეთილ იქნას სასამართლო ხელისუფლების საბოლოოდ მიტაცება მოსამართლის მანტიას ამოფარებული და სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეით ბოროტად მოსარგებლე ვიწრო ჯგუფის მიერ, რომელმაც პრაქტიკაში დაამტკიცა, რომ პატივს არ სცემს არც საქართველოს კონსტიტუციას და არც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს," - წერია განცხადებაში.

თავისუფალი დემოკრატების მიუთითებენ კანონის იმ ნორმებზე, რომელიც მათი აზრით უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად. პაერტიის ინიციატივის მიხედვით, უნდა შეჩერდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედება და მისი უფლებამოსილებები, 1-3 წლის ვადით, გადაეცეს დროებით ორგანოს, ხოლო აღდგენის შემდეგ უნდა შეიცვალოს მისი სტრუქტურა. 

"ორი არამოსამართლე წევრის დამატების გზით საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდოს 17-მდე; შეიზღუდოს სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართ მოსამართლეთა სრული იმუნიტეტი; გაუქმდეს იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობა; დამოუკიდებელი ინსპექტორი არჩეულ იქნეს პარლამენტის მიერ და გაიზარდოს მისი უფლებამოსილება; განხორციელდეს დისციპლინური სამართალაწარმოების ოპტიმიზაცია; გაუქმდეს მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებული პრივილეგიები; შემოღებულ იქნეს სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა; მიღებულ იქნეს სხვა აუცილებელი ზომები," - წერია განცხადებაში. 

თავისუფალი დემოკრატები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, იტანამშრომლებენ პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. პარტია საკუთარ კონცეფციას ხვალ, 28 თებერვალს წარადგენს.

კომენტარები