გვენეტაძე: სებ-ის გადაწყვეტილებების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა იერიშის მიტანის მცდელობაა

კობა გვენეტაძე
პარლამენტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ფინანსური რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა მართებულად არ მიაჩნია. 

მისივე შეფასებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მას შემდეგ, რაც ამ ორგანომ თიბისი ბანკის შესახებ ინფორმაცია დეტალურად გაავრცელა, სებ-ის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა. 

"TBC ბანკი, რომლის რეგულატორიც ჩვენ ვართ, ისევე, როგორც სხვა ბანკებისა საქართველოში, ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც ძალიან მკაფიოდ აღინიშნა, რომ TBC ბანკის მხრიდან დავები არ არსებობს. 

უნდა გითხრათ, რომ როდესაც ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ჩემს თავზე ავიღე ის რისკი, რომელსაც შესაძლოა ჩემი რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინა, რადგან, პირველ რიგში, მე ვზრუნავ ბანკსა და ფინანსურ სექტორზე. 

აქედან გამომდინარე, სანამ თიბისი ბანკის და ეროვნული ბანკის ერთობლივი განცხადება არ გაკეთდა, ამაზე დამატებითი ინფორმაცია არ მოგვიცია. ამის შემდეგ, ჩვენ მივეცით დამატებითი, დეტალური და ნათელი ინფორმაცია. 

ასეთ სიტუაციაში, რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და რეგულატორზე გავლენის ქვეშ მოქცევა. 

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რომელიმე დავა, გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით. ეროვნული ბანკის ფუნქციაა, შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მას აკისრია. თუ არ შეასრულებს ამ ვალდებულებებს, ეს ცუდი იქნება როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის. 

ასეთი სახის განხილვები ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ საზედამხედველო ზომებთან დაკავშირებით არ არის მართებული, რადგან ეს გამოიწვევს მოწყვლადობის შექმნას მთლიანად ფინანსურ სექტორში. 

დღეს მე მაქვს ყველა ინფორმაცია იმისთვის, რომ ვისაუბრო ამ საკითხზე. აქ არიან ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებიც მუშაობდნენ ამ საკითხზე, შემოწმებები გააკეთეს. მე ვფიქრობ, ბატონო თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიღება ასეთ სიტუაციაში არ არის მართებული", - თქვა კობა გვენეტაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სწორედ გვენეტაძეს უსმენენ. სხდომას ესწრებიან თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. 

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში TBC ბანკის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, ის დისკუსიაზე მაინც მივიდა. 

25 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება უკვე მეორედ დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ რადგან საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მისი მოსაზრება და დისკუსია მაინც ჩანიშნა, ამიტომაც გადაწყვიტა მასში მონაწილეობა.

კომენტარები