სახელისუფლო ტროლები

სახელისუფლო ტროლები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ - MDF-ის ახალი კვლევა

მედიის განვითარების ფონდი MDF

მედიის განვითარების ფონდმა თიბისი ბანკის გარშემო მიმდინარე გამოძიების პარალელურად ფეისბუქზე მამუკა ხაზარაძის მადისკრედიტირებელი გვერდები შეისწავლა

გვერდები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და როგორც MDF წერს, სამ ტალღად წარიმართა: 

  1. პირველი ტალღა 2019 წლის 9 იანვარს დაიწყო, როდესაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ფულის გათეთრების ფაქტზე მიმდინარეობდა.
  2. მეორე ტალღა უკავშირდება 2019 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას, რომ მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს თანამდებობა დაეტოვებინათ.
  3. მესამე ტალღა 2019 წლის 21 თებერვალს დაიწყო, როდესაც მამუკა ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

MDF-ის დასკვნით, მონიტორინგის ფარგლებში მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართული 9 გვერდის იდენტიფიცირება მოხდა, რომელთაგან 8 გვერდი 2018 წელსაა შექმნილი.

  • 9-დან 6 გვერდის ძირითადი კონტენტი ენმ-ის და რუსთავი 2-ის, კერძოდ კი ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ არის მიმართული;
  • 9-დან 4 გვერდის ადმინისტრატოტი ფეისბუკ მომხმარებელი “ავთანდილ კერესელიძეა”, რომელიც ტროლია და ერევანში მცხოვრები Karo Manukyan-ის პროფილზე განთავსებულ ფოტოებს იყენებს. ის ფეისბუკში ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებს;
  • “ავთანდილ კერესელიძე” და მის მიერ მართული გვერდები სხვა ყალბ ანგარიშებთან ერთად ამავდროულად იდენტურ ჯგუფებს მართავენ, რაც მადისკრედიტირებელი პოსტების გავრცელებისთვის გამოიყენება
  • “ავთანდილ კერესელიძე” პრო-სახელისუფლებო ტროლია და ძირითადად კახა კალაძის, მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტებს პირადი პროფილის, მის მიერ შექმნილი გვერდებისა და ჯგუფების მეშვეობით ავრცელებს:
  • "კერესელიძის" მართული გვერდების მიერ გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ, რომლებიც ხაზარაძის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, კომენტარებს ერთი და იგივე ყალბი მომხმარებლები ტოვებდნენ;
  • 9-დან ორი გვერდი - “ორი გვამი უნდათ” და “სტოკჰოლმის სინდრომი” ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც გვერდები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ენმ-ის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ დასპონსორებულ პოსტებს აქვეყნებდნენ.
  • 9-დან 2 გვერდს - “სამოქალაქო გაერთიანება - ხალხის ხმა” და”სტოკჰოლმის სინდრომი” - ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტები დასპონსორებული ჰქონდათ, თუმცა ამჟამად ეს პოსტები ხელმიუწვდომელია, რადგან წაშლილია. ორივე გვერდს ჯამში 3 აქტიური დასპონსორებული პოსტი აქვს. სამივე მათგანი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული. ორივე გვერდმა 21 თებერვალს ხაზარაძის გადადგომის შემდეგ მის წინააღმდეგ ორი ახალი პოსტი გამოაქვეყნა.
  • გვერდებზე განთავსებული ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტების უმეტესობა მემე/კარიკატურაა
  • მედიის განვითარების ფონდის დასკვნით, ხაზარაძის მადისკრედიტირებელი პოსტების ქვეშ ერთი და იგივე ყალბი ანგარიშები ტოვებდნენ კომენტარს. ხშირ შემთხვევაში კი სხვადასხვა გვერდის სხვადასხვა პოსტის ქვეშ კომენტარებიც იდენტური იყო


ფოტო: მედიის განვითარების ფონდი MDF

ფოტო: მედიის განვითარების ფონდი MDF

რაც შეეხება გვერდებს, ყველაზე ხშირად მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ყველაზე მეტი აქტივობა 9 გვერდს ჰქონდა: 

  • ორი გვამი უნდათ
  • იყავი და გაგეკეთებინა
  • პოლიტიკური სანაგვე
  • კაი გვერდი
  • ჩვენთვის არავინაა
  • პოლიტიკური იუმორი
  • მოვკვდები საქართველოსთვის
  • სამოქალაქო გაერთიანება - ხალხის ხმა 
  • სტოკჰოლმის სინდრომი

ტროლები არიან ის ანგარიშებიც, რომლებიც ამავე გვერდებზე ხაზარაძის საწინააღმდეგო კომენტარებს წერენ. 

ასევე, MDF წერს, რომ ავთანდილ კერესელიძის ყალბი პროფილი სოციალურ ქსელებში პრო-სახელისუფლებო გზავნილების გავრცელებით არის დაკავებული და ამავდროულად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მადისკრედიტირებელ პოსტებს აქვეყნებს. გზავნილების გასავრცელებლად ის მისივე მართულ “სპამ” ჯგუფებს იყენებს, ასევე კომენტარებს ტოვებს იმ გვერდების პოსტების ქვეშ, რომელთა ადმინისტრატორი თავადვეა.

კომენტარები