ქართული ოცნება

ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

ტაბულა

ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა. მისი გადაწყვეტილების შედეგად, ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

ქართულმა ოცნებამ 2016 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტის 115 მანდატი მოიპოვა. როცა ფრაქციები დაკომპლექტდა, საპარლამენტო უმრავლესობას "მრეწველების" წევრი, ხაშურის მაჟორიტარი სიმონ ნოზაძეც შეუერთდა.

2018 წელს ქართულ ოცნებას დავით ჭიჭინაძე გამოეყო. გუშინ ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით მისი ბოლო გამოსვლა იყო, დღეს კი, მმართველი გუნდი ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს. 

საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალას მანდატების საერთო რაოდენობის ¾ სჭირდება ანუ მინიმუმ 113 დეპუტატი. დღეის მდგომარეობით, ქართულ ოცნებას 112 დეპუტატი ჰყავს, თუმცა, თავისი გადაწყვეტილება ჯერ არ გაუხმოვანებია უმრავლესობის კიდევ ერთ დეპუტატს გედევან ფოფხაძეს - ის ორშაბათამდე იფიქრებს.

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა იმის გამო დატოვა, რომ საკანონმდებლო ორგანომ დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით მისი ინიცირებული კანონპროექტი არ მიიღო. ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის პროტესტის მიზეზი კი, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადადებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება გახდა.

ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს დაიწყო. მიზეზად უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია დასახელდა - სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი, წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები