საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ნუკრი ქანთარია და მამუკა მდინარაძე ადასტურებენ ტაბულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უმრავლესობის წევრებმა პარტიის ხელმძღვანელობისგან მიიღეს მესიჯი, არ დაეჭირათ მხარი ეკა ბესელიას კანონპროექტისთვის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადატანის შესახებ.
"თქვენ ვინ გითხრათ, არ ვიცი. წავიკითხე, სადაც უნდა მოსულიყო. რახან თქვენ გაქვთ, ე.ი მოგონილი არ არის. წერილის გავრცელება სწორი არ მგონია. არ არის ეს მიზანშეწონილი, შიდა არის ესა და ის, რომ მოხვდა თქვენთან, ესეც არასწორია. ივანიშვილი წერილში არ ფიგურირებდა. უმრავლესობის ლიდერი თვითონ მივლინებაში იყო", - უთხრა ნუკრი ქანთარიამ ტაბულას.
მამუკა მდინარაძე კი ამბობს:
"რა არის ამაში უცნაური, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა პარტიაში ამბობს, რომ თუ არაკონსტიტუციურ კანონს მხარს უჭერთ, თუ არარაციონალურ, მიზანშეუწონელ და ისეთ კანონს მხარს უჭერთ, რომ დაანგრევს საერთოდ ერთერთ შტოს ხელისუფლების ზოგადად და აქ არის სასამართლო ხელისუფლებაზე საუბარი, ასეთი კანონის მხარდაჭერა თან იმ პირობებში, როდესაც საუბარია პარტიის გადაწყვეტილებაზე, რომ მსგავს კანონებს და მსგავს ანსტიკონსტიტუციურ ქმედებებს არ მივყოთ ხელი, მე მგონი, ამაში უცნაური არაფერი არ არის რა მნიშვნელობა აქვს [ვისგან მივიღეთ მესიჯი], შეიძლება, მე ვყოფილიყავი, ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ჩატში არ არის".
ტაბულას ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში წერია, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა ქართული ოცნების და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა.
"კონსტიტუციისა და პოლიტსაბჭოს პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მხარდაჭერა, მით უმეტეს იმ პარტიასთან კონსენსუსით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, არის კონსტიტუციისა და პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, კანონპროექტის მხარდაჭერა ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ" - წერია მესიჯში, რომელიც ტაბულას წყარომ მიაწოდა.
ბესელიას და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ დღეს ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
ეკა ბესელია და კიდევ 8 დეპუტატი ითხოვდა, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე გადადებულიყო. ამ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის 8 წევრი იზიარებდა: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ლევან კობერიძე, ასევე, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი დავით ჭიჭინაძე.
გუშინდელ სხდომაზე ოცნების დეპუტატებმა ნუკრი ქანთარიამ და ზაზა პაპუაშვილმაც თქვეს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ.