მასწავლებლის გლობალური ჯილდო

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალშია

ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. ის მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო და გადმოგცეთ ჩემი ემოციები! 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რომ გავხდი, მაშინ მე ვთქვი, რომ აუცილებლად ვეტყოდი მსოფლიოს საქართველოს მასწავლებლების სათქმელს“ - ამბობს ლადო აფხაზავა.

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო - ბრაზილია; დეიზი მერტენს - ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტ - დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა - ინდოეთი; მელისა სალგუერო - აშშ; მარტინ სალვეტი - არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარან - ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია; პიტერ ტუბიში - კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება. ჯილდო 1 000 000 დოლარია, რომელიც გადაეცემა გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. კამპანიის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და აღიარება, საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და დაფასება. ჯილდო მოქმედებს 2015 წლიდან.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მისი გამორჩეული პროგრამაა "დემოკრატიული რევოლუცია“ , რომელიც გულისხმობს სკოლის მენეჯმენტის გარდაქმნას, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით. პროგრამა უკვე 14 სკოლაში დაინერგა. ასევე, ის 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

კომენტარები