შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტებზე დააკავა წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ხუთი პირი, რომელთაგან 4 დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
"დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული ი.ბ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ., 1985 წელს დაბადებული დ.ფ. და 1986 წელს დაბადებული ნ.ბ.
სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სისტემატურად იპარავდნენ მსხვილფეხა პირუტყვს, რის შემდეგაც მათ რეალიზაციას სხვადასხვა პირების მეშვეობით, უკანონოდ ახდენდნენ",- აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





