თბილისის მერია

თბილისში დასაშვებზე მაღალ შენობებზე ნებართვა აღარ გაიცემა - K2 კოეფიციენტის მატება იკრძალება

თბილისში განსაზღვრულზე მაღალ შენობებზე ნებართვა აღარ გაიცემა. კახა კალაძის ინფორმაციით, კოეფიციენტების გადაჭარბება და გაზრდილი K2-ის გაყიდვა აიკრძალება . მისი თქმით, პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან გრძელდება, აღიკვეთება და ეს რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომლიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება წარმოებაში მიღებული.

"ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ წლები მანძილზე კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას. მერიის ახალი მენეჯმენტი K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. თუმცა, ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე, საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები", - თქვა კალაძემ.

მისივე თქმით, ​ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, სამართლებრივ ჩარჩო ეტაპობრივად გამოსწორდება და ხელისუფლება უზრუნველყოფს თბილისის სწორად განვითარებას.

"როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი", - თქვა კალაძემ.

მან მადლობა გადაუხადა დარგის სპეციალისტებს და ასევე, სამშენებლო სექტორს, რომლებიც, მერის თქმით, ცვლილებების მომზადების პროცესში ჩართულები იყვნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სამშენებლო სექტორისთვის ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში, მათ ბიზნესსაც აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად, მხარი დაუჭირეს ერთხმად", - თქვა კალაძემ.

ის თბილისელებს ამ გადაწყვეტილებას ულოცავს და ახალ ცვლილებებს აანონსებს, რომელიც, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის.

K2 მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტია, რომელიც გვიჩვენებს რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები. ამის გამოსათვლელად სპეციალური ფორმულა არსებობს. პრობლემა კი იმაშია, რომ როგორც სპეციალისტები ამბობენ, წლების განმავლობაში ხდებოდა ნებართვების გაცემა დასაშვებზე დიდი მოცულობის შენონების ასაშენებლად. 

"კოეფიციენტების გადამეტება თავის შინაარსით ნიშნავს იმას, რომ ფულის სანაცვლოდ სუბიექტი ყიდულობს მეტი ფართობის აშენების საშუალებას იქ, სადაც ეს არ შეიძლება. ეს არის კოეფიციენტის გადამეტება, რამაც გენერალური გეგმის მუდმივი დარღვევის რეჟიმში ყოფნა გამოიწვია, რამაც გამოიწვია სატრანსპორტო კოლაფსი, საჯარო სივრცეების ად ის ურბანული ქაოსი, რაც არავის მოგვწონს", - განმარტავს მერის მოადგილე, მაია ბითაძე.

კომენტარები