აშშ

კონგრესი ტრამპს არსებული სასაზღვრო ბარიერის გაგრძელებისთვის $1.4 მილიარდს სთავაზობს

Bill Koplitz / FEMA Photo Library

აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერებმა მთავრობის ხელახალი დახურვის თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს.

მათი გეგმა სასაზღვრო კედლისათვის ბიუჯეტში 1.4 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც ტეხასში საზღვარზე არსებული მეტალის ღობის დამატებით 90 კილომეტრით გაგრძელებას მოხმარდება. პრეზიდენტი ტრამპი 5.7 მილიარდს ითხოვდა.

იმისათვის, რომ შეთანხმება ძალაში შევიდეს მას ტრამპმა უნდა მოაწეროს ხელი.

გუშინ ტეხასში, ელ პასოში მოსახლეობასთან შეხვედრისას მან თქვა, რომ კონგრესის კომიტეტის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ აცნობეს:

"რომ იცოდეთ, კედელს მაინც ავაშენებთ." თქვა მან.

გავრცელებული ინფორმაციით იმიგრაციის ცენტრებისთვის ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმება ჯერ-ჯერობით არ არსებობს. დემოკრატიული პარტიის წევრებს სურთ იმიგრაციის ცენტრებში დაკავებულთათვის განკუთვნილი საწოლების რაოდენობა შემცირდეს და მათ ნაცვლად, ვინც ვიზით განსაზღვრულ პერიოდზე დიდხანს დარჩა, კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტების დაკავებაზე კონცენტრირდნენ.

ამ საკითხზე და სასაზღვრო კედლის დაფინანსებაზე შეუთანხმებლობის გამო კონგრესში კვირას მოლაპარაკებები ჩაიშალა.

იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი 15 თებერვლამდე ბიუჯეტის კანონპროექტს არ მიიღებს, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტი მოაწერს ხელს, მთავრობა ხელახლა დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ ტრამპი მთავრობის დროებით გახსნას 25 იანვარს დათანხმდა, თუმცა მხოლოდ 3 კვირით. დროებითი ბიუჯეტი 15 თებერვალს იწურება. აშშ-ის მთავრობის დახურვა 35 დღეს გაგრძელდა და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა. ხელახალი დახურვის შემთხვევაში სახელმწიფო უწყებების 800,000-მდე თანამშრომელი კვლავ უხელფასოდ დარჩება.

კომენტარები