მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ლიეჟში ინციდენტზე: აქ სუს-ის ჯგუფია ჩამოსული, ეს დიპლომატიური წესების დარღვევაა

რუსთავი 2

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჯში შეკრებილ მხარდამჭერ ემიგრანტებს მიმართა. 

მიმართვისას მან იმ ინციდენტზეც ისაუბრა, რომელიც შეკრების დაწყებამდე მოხდა, როდესაც იქ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც მივიდნენ პლაკატებით "არა ნაცებს, არა ბოროტებას". 

"თქვენ ნახეთ, რომ ევროპის ცენტრში ჩვენ მოგვიწყვეს იაფფასიანი შოუ. აქ ჩამოსული არიან სუს-ის ჯგუფი, რაც არის დიპლომატიური წესების დარღვევა, იმიტომ რომ თვალთვალი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება სანქციის გარეშე და მით უმეტეს უცხოეთში. ეს არის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. იმედია, ბელგიის პოლიცია გაესაუბრება ტკბილად ამ ხალხს და მეორედ აღარ შემოუშვებენ ევროპაში", - თქვა სააკაშვილმა. 

მანვე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზე და თქვა, რომ მას ლიეჟში შეკრებილი ადამიანების დისკრედიტაცია სურს. 

"იქით მხარეს არის ბოღმა და რით ვეღარ დაწყნარდა ეს ხალხი. 2012 წლის არჩევნებამდე დაბოღმილები იყვნენ. არჩევნები მოიგეს, ჩემთან მოვიდა ივანიშვილი. ისეთი დაბოღმილი იყო გეგონება იმ დღეს მოუკვდა ყველა ნათესავი მსოფლიოში. ვუთხარი, გაიღიმე ცოტა. ვიფიქრე, რომ შოკშია, არ მოელოდა. გავიხედე, ყველა მისი მომხრე ესეთივე დაბოღმილია. 

მოიგეს შემდეგი არჩევნები, კიდევ უფრო დაიბოღმნენ. გააყალბეს არჩევნები, კიდევ დაიბოღმნენ. 

იქით არის ბოღმა, აქეთ არის ინტელექტუალი ადამიანების განათებული სახეები. იქით არის მუდმივად წარსულზე აპელირება, თუმცა, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით. აქეთ არის მომავალი და საკუტარი ქვეყნის უსაზღვრო რწმენა. იქით არის ტყუილი - თურმე ჩვენი ღონისძიება რითი მოვაწყვეთ, იცით? ხელოვნების მუზეუმიდან კუები გავიტანე მე, გავყიდეთ ბირჟაზე და ამ კუებით მოხდა ავტობუსებით ხალხის შემოყვანა ბელგიის შუაგულში. 

ივანიშვილი უბრალოდ კი არ ტყუის, ყველაფერს სარგებლით აყენებს. თან თქვენი დისკრედიტაცია უნდა, თან ხელოვნების მუზეუმის შენობის დათრევა უნდა პანორამა თბილისისთვის, თავისი ბოსლისთვის, რომელსაც აშენებს თბილისის ცენტრში. ამიტომ გაუბაზრა დირექტორს, რომ იქიდან მოპარულია კუები. პრეზიდენტის ინსტიტუტს ანადგურებს და ხელოვნების მუზეუმი ამ შენობაში გადაჰყავს, რომელიც საერთოდ არ არის ამაზე მორგებული. შენობას იგდებს ხელში, დირექტორს იშორებს და თქვენს დისკრედიტაციას ახდენს. ასეა, ტყუილი უბრალოდ ტყუილი კი არ არის, ყველა ტყუილს აქვს ფასი. 

იქით არის ის ხალხი, ვინც დაკეტა ამერიკელი მასწავლებლის პროგრამა საქართველოში. იქით არის ის ხალხი, ვინც დაკეტა ამერიკული ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი ბათუმში და მიაშენა ჯერ ლოჟები და მერე შეცვალა საერთოდ. 140 მილიონი დოლარი, რომლეიც გამოყო ამერიკის მთავრობამ, გუგული მაღრაძემ, რომელიც მოუწოდებს ხალხს, რომ ბევრი არ ჭამონ, შეჭამეს მან და მისმა შვილმა დანარჩენ ქოცებთან ერთად. ეს არის მთავრობა, რომელმაც გააუქმა სკოლის გამოცდები. ერთი სიტყვით, იქით არის სიბნელე და აქეთ არის სინათლე", - თქვა სააკაშვილმა. 

ბელგიის ქალაქ ლიეჟში სააკაშვილის მომხრეებსა და მოწონააღმდეგებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. მოწინააღმდეგეებს მხარდამჭერებმა დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს.

აქ იმყოფებოდნენ შალვა რამიშვილი და PosTV-ის ორი გადამღები ჯგუფი, ასევე თემურ შაშიაშვილი, რომელიც დარბაზიდან სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს გაიყვანეს. 

ლიეჟში​ სააკაშვილის მხარდამჭერი ემიგრანტები ევროპის მრავალი ქვეყნიდან ჩავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ყველა ემიგრანტი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მზად არიან, ეს სააკაშვილთან ერთად გააკეთონ.

ბელგიაშია ექსპრეზიდენტის ოჯახიც. თავად სააკაშვილი შეკრებას "თანამემამულეთა მსოფლიო კრებას უწოდებს", მისი სლოგანი კი ასეთია - "ერთად სახლში". 

კომენტარები