კემბრიჯი

ყოფილმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტს 100 მილიონი ფუნტი შეწირა

კემბრიჯის უნივერსიტეტი

კემბრიჯის უნივერსიტეტმა ინგლისის უნივერსიტეტების უახლოეს ისტორიაში ყველაზე დიდი დონაცია მიიღო. ყოფილმა სტუდენტმა და ამჟამად მილიარდერმა ფინანსისტმა დევიდ ჰარდინგმა სტუდენტების დასახმარებლად უნივერსიტეტს 100 მილიონი ფუნტი შეწირა.

ჰარდინგმა უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მან პირობა დადო, რომ შემოწურულობის ნაწილი იმ სტუდენტებს მოხმარდება, რომებიც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ და სწავლის საშუალება არ აქვთ.

79 მილიონი ფუნტი კი სადოქტორო პროგრამებზე სტუდენტების დაფინანსებას მოხმარდება. უნივერსიტეტის წარმომადგენლების თქმით ეს 100-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსებს სადოქტორო კვლევას.

ჰარდინგი წარსულშიც აფინანსებდა უნივერსიტეტის ფიზიკის პროგრამაზე სხვადასხვა კვლევებს. გარდა ამისა მას შემოწირულობები აქვს გადაცემული ლონდონის მეცნიერების მუზეუმის, კრიკის ინსტიტუტის და ბერლინის მაქს პლანკის საზოგადოებისათვის. 2016 წლის ბრექსითის რეფერენდუმამდე მან ევროკავშირში დარჩენის კამპანიას 3.5 მილიონი ფუნტი შეწირა.

ჰარდინგის დონაცია ჩამორჩება 1902 წელს ენდრიუ კარნეგის მიერ შოტლანდიის უნივერსიტეტებისათვის, ხოლო სესილ როდსის მიერ ოქსფორდისათვის გადაცემულ თანხას, თუმცა უახლოეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. 2013 წელს კანადელმა მედია მაგნატმა ჯონ მაკკოლ მაკბეინმა როდსის ფონდს 75 მილიონი ფუნტი გადასცა.

კომენტარები