ჯერომ სელინჯერი

სელინჯერის შვილი: მამაჩემს არასდროს შეუწყვეტია წერა, მის ნაწერებს ერთ წიგნად გამოვცემთ

ჯერომ სელინჯერი მუშაობს თავის რომანზე "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში". 1941 წელი

ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის, შვილი Guardian-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც სელინჯერმა მარტოობაში გაატარა, მას წერა არ შეუწყვეტია. მეთ სელინჯერი ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს. 

ჯერომ სელინჯერი 2010 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა. ბოლო ათეული წლები მან აბსოლუტურ განდეგილობაში, ნიუ-ჰემფშირის პატარა ქალაქ კორნიშში გაატარა. ამ წლების განმავლობაში ის პრაქტიკულად არ გადიოდა სახლიდან, არ ეკონტაქტებოდა ჟურნალისტებს და არ გამოსცემდა წიგნებს. 

"ის იდეებით სავსე იყო... მანქანის ტარების დროს უეცრად გადაიხრებოდა, რაღაცას დაწერდა და თავისთვის გაიცინებდა. ზოგჯერ მაკითხებდა, რასაც წერდა, ზოგჯერ - არა. ყველა სკამის გვერდით თითო წიგნაკი ჰქონდა მოთავსებული. 

მან უბრალოდ გადაწყვიტა, რომ მისი წერისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუკი ადამიანებთან ინტერაქცია არ ექნებოდა. მას არ სურდა მთელ ამ ლიტერატურულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. მას სურდა, რომ საკუთარ წვენში მოხარშულიყო,"- ამბობს მეთ სელინჯერი.

ის და სელინჯერის ქვრივი კოლინ ო'ნილი, ვისთანაც მეთი ლიტერატურულ მემკვიდრეობას ინაწილებს, წიგნის გამოქვეყნების საკითხზე 2011 წლიდან მუშაობენ. მეთ სელინჯერი ამბობს, რომ აქამდე ის გამოსაცემად მზად არ იყო. 

"მას სურდა, ეს ჩანაწერები ერთად შემეკრა და ამ სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, მან იცოდა, რომ ამ ყველაფერს დროს დასჭირდებოდა. ეს არის ადამიანი, რომელიც 50 წლის განმავლობაში გამოქვეყნების გარეშე წერდა, შესაბამისად, მას ბევრი რამ დაუგროვდა. ამიტომ, არაფერ შუაშია დამცველობა. როდესაც მზად იქნება, მას გაგიზიარებთ," - ამბობს სელინჯერის შვილი. 

ის აღნიშნავს, რომ ამას წლები დასჭირდება, თუმცა იმედოვნებს, რომ 10-წლეულზე ნაკლები. 

"არ ვთვლი, რომ ბოდიში უნდა მოვიხადო, მაგრამ ვფიქრობ, თქვენმა მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ რამდენადაც შეგვიძლია, იმდენად სწრაფად ვაკეთებთ... მე უფრო დიდ ზეწოლას ვგრძნობ, რომ დავამთავრო ეს წიგნი, ვიდრე - მამაჩემი,"- ამბობს მეთი. 

"ეს ნაწერები ნამდვილად გაუცრუებს იმედს იმ ადამიანებს, ვისზეც ის არ ღელავდა, თუმცა ნამდვილი მკითხველებისთვის... ვფიქრობ, ეს ადამიანები ძალიან შთაბეჭდილების ქვეშ იქნებიან. მათზე ეს წიგნი იმდენად დიდ გავლენას მოახდენს, როგორი გავლენის ქვეშ მოქცევაც სურს ყველა მკითხველს, როდესაც წიგნს შლის. ეს ნაწერები მკითხველს არ შეცვლიან, თუმცა ისეთ რამეზე აფიქრებს, რაც ცვლილებისკენ წაიყვანს მათ. 

როდესაც მამაჩემმა თქვა, რომ ყველაფერი რისი თქმაც მას სურდა მის ნაწერებშია, დამიჯერეთ, ის მართლა იქ არის. ის ფარავს ყველა იმ საკითხს, რომელიც შეიძლება მკითხველს აინტერესებდეს. ჩემი საქმე მხოლოდ ის არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს და მერე გვერდით გავდგე,"- ამბობს ის. 

კომენტარები