აშშ

ტრამპი: დაზვერვის ხალხი პასიური და მიამიტია, სკოლაში უნდა დაბრუნდნენ!

დონალდ ტრამპი
NBC

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე ქვეყნის სადაზვერვო სამსახური და მისი ხელმძღვანელი გააკრიტიკა:

"დაზვერვის ხალხი პასიური და მიამიტია, როდესაც საფრთხე ირანიდან მოდის. ისინი ცდებიან! როდესაც პრეზიდენტი გავხდი ირანი მთელს ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა ქმნიდა არეულობას. საშინელი ბირთვული შეთანხმების გაუქმების შემდეგ სიტუაცია ძალიან შეიცვალა, მაგრამ პოტენციური საფრთხის და კონფლიქტის წყარო რჩება. ისინი ცდიან რაკეტებს (გასულ კვირას) და მეტს და ძალიან უახლოვდებიან ზღვარს. მათი ეკონომიკა ახლა ჩამოშლის პირასაა და ეს ერთადერთია, რაც მათ აკავებს. უფრთხილდით ირანს. იქნებ, დაზვერვა სკოლაში უნდა დაბრუნდეს!"

 

პრეზიდენტის კრიტიკა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის, დენ კოუტსის სენატში მოხსენებას მოჰყვა. კოუტსმა თქვა:

"ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ირანი ახლა ისეთ აქტივობებს ახორციელებს, რაც ბირთვული იარაღის შესაქმნელადაა საჭირო."

გარდა ამისა სენატში მოსმენაზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯინა ჰასპელმა თქვა, რომ ირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს ასრულებს, თუმცა როგორც ჰასპელმა, ასევე კოუტსმა აღნიშნეს, რომ ირანში ამ საკითხზე დებატები კვლავ გრძელდება და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაწესებული შეზღუდვების მუქარაც არაერთხელ ყოფილა.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების პოზიცია ტრამპისაგან განსხვავდებოდა სხვა საკითხებშიც, მათ შორის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ჩრდილოეთ კორეის.

მათი ანგარიშის მიხედვით ჩრდილოეთ კორეა იარაღის შენარჩუნებას ცდილობს და ბირთვული იარაღის ბოლომდე დათმობას არ აპირებს. კოუტსის თქმით ამაზე ის ფაქტი მიანისნებს, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული აქტივობა დენუკლეარიზაციის შეთანხმებას არ თანხვდება.

კოუტსის თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო კვლავ წარმოადგენს საფრთხეს, ერაყსა და სირიაში ათასობით მებრძოლი ჰყავს და მოსალოდნელია, რომ კვლავ დაგეგმავს ტერორისტულ თავდასხმებს.

თუმცა მან აღნიშნა, რომ აშშ-სათვის ყველაზე დიდ საფრთხეს ჯაშუშობის და კიბერთავდასხმების კუთხით რუსეთი და ჩინეთი წარმოადგენენ.

პრეზიდენტმა ტრამპმა ამ საკითხებზე კომენტარი საკუთარ ტვიტერზე რამდენიმე საათის წინ დაწერა:

"როდესაც პრეზიდენტი გავხდი ე.წ. ისლამური სახელმწიფო სირიაში უკონტროლო იყო. ამის შემდეგ უდიდესი პროგრესი გვაქვს, განსაკუთრებით უკანასკნელი 5 კვირის მანძილზე. ხალიფატი მალე განადგურდება, რაც 2 წლის წინ წარმოუდგენელი იყო. 18 წლიანი ბრძოლის შემდეგ ავღანეთში მოლაპარაკებები გრძელდება. ბრძოლაც გრძელდება, მაგრამ ავღანელ ხალხს მშვიდობა უნდა და არა ეს დაუსრულებელი ომი. მალე ვნახავთ რამდენად წარმატებული აღმოჩნდება მოლაპარაკებები. ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა საუკეთესოა, რაც კი ოდესმე ყოფილა. არანაირი გამოცდები, ნეშტები დააბრუნეს, დააბრუნეს მძევლებიც. დენუკლეარიზაციის კარგი შანსია. დრო გვაჩვენებს რა მოხდება ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში, მაგრამ წინა ადმინისტრაციის მუშაობის ბოლოს ურთიერთობა საშინელი იყო და ძალიან ცუდი რამ შეიძლება მოჰყოლოდა. ახლა სრულიად განსხვავებული ამბავია. ველი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას. პროგრესი გვაქვს - დიდი ცვლილებაა!"

 

კომენტარები