ფარული ვიდეოჩანაწერები

გვრიტიშვილი ფარულ კადრებზე: ვისთვის არის ეს ხელსაყრელი? ბესელიამ წამებულის მანტია მოინდომა

რუსთავი 2

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, რომელიც ამავე დროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ამბობს, რომ შესაძლოა, თავისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ეკა ბესელიამ თავად გაავრცელა. 

რუსთავი 2-ის ეთერში გვრიტიშვილი დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც, თავის მხრივ, თქვა, რომ ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელება "შურისძიებას უფრო გავს". 

"ეს არის სამარცხვინო პოზიცია ორივე მათგანის მხრიდან. ჭიჭინაძემ, ფაქტობრივად, გამოიშვირა ხელი სასამართლოსკენ და ამბობს, რომ, თურმე, ეს არის შურისძიება მოსამართლეთა მხრიდან. ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ როდესაც გსურს, გაერკვე მოვლენათა თანმიმდევრობაში, უნდა დასვა შეკითხვა, დამდგარი შედეგი ვისთვის არის ხელსაყრელი. ეს ფაქტი, თვითონ ამ ჩანაწერების გავრცელების, რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ბოლო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, მოინდომა რაღაც წამებულის მანტიის მოსხმა, თავისი ნიშნის დამკვიდრება პოლიტიკაში და ეს რატომღაც დაუკავშირდა მოსამართლეების თემას. არადა, იყო ინფორმაციები, რომ ქალბატონი ეკა ბესელია უნდა გადამდგარიყო მანამდეც" - თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმაც

28 იანვარს, დღის განმავლობაში პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები გავრცელდა. ვიდეო, სავარაუდოდ, whatsapp-ით გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს ათკაციანი სიის გამო მმართველ გუნდში დაპირისპირებაა. სიას ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რამდენიმე დეპუტატი ეწინააღმდეგებიან. ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებაც, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ჩატარებული ორდღიანი შეხვედრის შემდეგ ეს არ დადასტურდა.

კომენტარები