პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

ჭიჭინაძე პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე: ჩემი რძლის Facebook-ზე ამოვარდა, იმისგან გავიგე

41.ge

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ ქართული ოცნებიდან გარიცხეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვა.

ის უწყებაში უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელებასთან დაკავშირებით სამართალდამცავებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად იმყოფებოდა. 

ჭიჭინაძის თქმით, ბესელიას შესახებ ჩანაწერი სოციალურ ქსელში მისმა რძალმა ნახა. 

"ჩემი რძლის Facebook-ზე ამოვარდა ეს და იმისგან მივიღე ეს ინფორმაცია მე," - ამბობს ჭიჭინაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

დავით ჭიჭინაძემ დღეს თქვა, რომ გუშინ ღამით ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ჭიჭინაძე ამას უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირებდა და საგამოძიებო უწყებებს გამოძიებისკენ მოუწოდებდა. 

"გუშინ ღამე სხვადასხვა საშუალებით დაიწყეს გავრცელება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების, ეს იმდენად ბინძური საქციელია უკვე, მე ვფიქრობ, რომ შსს, პროკურატურა, უშიშროება უნდა დაინტერესდეს, საიდან მოდის, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ურტყამს "ქართულ ოცნებას". როგორც კი გავრცელდა გუშინ, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა გადაიდებოდა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მიქაუტაძე სასწრაფოდ ცდილობს, რომ გამწესდეს, ისევე, როგორც მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში და, შესაბამისად, ემთხვევა, იმ ადამიანების წინააღმდეგ ხდება დისკრედიტაცია, ვინც ამის მომხრე არ იყო. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლეებს უფრო მეტი წვდომა აქვს და პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გამოიძიოს," - თქვა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია დეკემბერში გადაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანის სია საშემოდგომო სესიაზე უნდა განეხილა თუმცა საგაზაფხულო სესიისთის გადავადდა. სიას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან და უმრავლესობის ზოგიერთი წევრისგან. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. მოსამართლეების სია დაპირისპირების საგანი გახდა ქართულ ოცნებაში.

კომენტარები