რუსეთი

ტრეტიაკოვსკის გალერეადან კუინჯის პეიზაჟი "აი-პეტრი, ყირიმი" გაიტაცეს

რუსეთის სახელმწიფო მუზეუმი

მოსკოვში ტრეატიაკოვის გალერეადან ეთნიკურად ბერძენი მხატვრის, არხიპ კუინჯის, ნახატი გამოფენის დროს მოიპარეს. პეიზაჟი, სახელწოდებით "აი-პეტრი, ყირიმი" 27 იანვრის საღამოს მოიპარეს. 

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, მოგვიანებით კი, ნახატის გაქრობა რუსეთის კულტურის სამინისტრომაც დაადასტურა.

РБК-ის ცნობით, სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს, სადაც ნახატის გამტაცებელი ჩანს. გამომცემლობის წყაროს ცნობით, იმისათვის, რომ გამტაცებლის იდენტიფიცირება შეძლონ, მოწმეებს იმ ადამიანების ფოტოებს ათვალიერებინებენ, რომლებიც გამოფენის პერიოდში 17:50-დან 18:20 საათამდე დარბაზში იმყოფებოდნენ. 

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ვიდეოკამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში ჩანს ის ავტომობილიცი, რომლითაც გამტაცებელი გალერეაში მივიდა. 

უცნობმა პირმა ნახატი მაშინ გაიტაცა, როცა გალერეაში გამოფენისთვის ემზადებოდნენ და დარბაზში სხვა დამთვალიერებლებიც იყვნენ. პირველი შეტყობინება ნახატის გაქრობასთან დაკავშირებით ტელეგრამის ჩატში 18:48 საათზე დაიწერა. არხის ავტორი ყვება, რომ კუინჯის ნახატი "ვიღაც კაცმა მათ თვალწინ მოიპარა". მოგვიანებით ტელეგრამის იმავე არხზე გატაცებასთან დაკავშირებით უფრო დეტალური აღწერა დაიწერა:

"ჩვეულებრივად ჩაცმული კაცი დინჯი ნაბიჯებით მივიდა ნახატთან და ის კედლიდან მოხსნა. ჩვენ და სხვა დამთვალიერებლები, რომლებიც ზუსტად ამ ნახატს ვუყურებდით, ვერაფერს მივხვდით. ყვირილი არ ატეხილა - იქნებ, გალერეაში დასაქმული ადამიანი ნახატს ცვლის? ქურდმა კი მშვიდად ამოიღო ნახატი ჩარჩოდან და გავიდა". 

რის შემდეგაც, არხის ავტორის თქმით, მომხდარს მუზეუმის დამკვირვებელმა მიაქცია ყურადღება, რამდენიმე წუთში კი დარბაზში დაცვაც გამოჩნდა. ამ ვერსიას TACC-ის წყაროც ადასტურებს. მისი თქმით, "მამაკაცი, რომელიც მუზეუმში დასაქმებულად ჩათვალეს, მშვიდად მივიდა ქუინჯის პეიზაჟთან, ამოიღო ის ჩარჩოდან და წავიდა".

კომენტარები