რუსეთი

რუსეთში დაკავებულმა ქალმა, რომელმაც რუსი ოლიგარქი კორუფციაში ამხილა, მას ბოდიში მოუხადა

Washington Times

ბელარუსიელი მოდელი ანასტასია ვაშუკევიჩი, რომელიც ამბობდა, რომ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს, რუსეთის პოლიციამ გაათავისუფლა.

ის შერემეტევოს აეროპორტში გასულ ხუთშაბათს დააკავეს.

ანასტასია ვაშუკევიჩი, ინსტაგრამზე ცნობილი როგორც ნასტია რიბკა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას იახტაზე გადაიღო. ანასტასია ყვებოდა, რომ დერიპასკას საყვარელი იყო და მის კორუფციულ გარიგებებს შესწრებია, მათ შორის შეხვედრას ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერთან, პოლ მანაფორტთან.

მას შემდეგ, რაც მისი ვიდეოებო რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ აღმოაჩინა და ყურადღების ცენტრში მოექცა, ვაშუკევიჩი ტაილანდში წავიდა. იქ მან ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ამბობს, რომ დერიპასკას და მანაფორტის შეხვედრების ჩანაწერები აქვს და სანაცვლოდ აშშ-ში თავშესაფრის მინიჭებას ითხოვს.

ტაილანდში ის პროსტუტუციის ბრალდებით დააკავეს და ციხეში ერთ წელზე მეტი გაატარა. ვაშუკევიჩმა თავი დამნაშავედ ცნო იმ იმედით, რომ სასჯელს ბელარუსიაში მოიხდიდა, თუმცა მოსკოვის აეროპორტში ტრანსფერისას ის რუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ტაილანდის ციხეში ის ამბობდა, რომ რუსეთში მას მოკლავდნენ.

გათავისუფლების შემდეგ ანასტასია ვაშუკევიჩი ამ თემაზე აღარ საუბრობს. სასამართლო პროცესზე მან დერიპასკას რეპუტაციის შელახვისათვის ბოდიში მოუხადა. მოდელს გადაადგილება კვლავ შეზღუდული აქვს. მიზეზად სამომავლო სასამართლო პროცესებზე მისი დასწრების აუცილებლობა სახელდება.

რუსი ოლიგარქი აშშ-ის და უკრაინის სანქციების სიაშია. რაც შეეხება მანაფორტს, ის გადასახადებისათვის თავის არიდებაში, უცხოურ ბანკებში ანგარიშების დამალვაში და თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.

გამოძიება მანაფორტს ფულის გათეთრების, საიდუმლო უცხოური ლობირების და უკრაინის ყოფილი პრო-რუსული მთავრობის დაურეგისტრირებელი აგენტობისთვისაც ედავებოდა.

პოლ მანაფორტი 40 წელზე მეტია პოლიტიკური ლობიზმითაა დაკავებული. მანაფორტი კარიერის განმავლობაში იყო ისეთი პოლიტიკური ლიდერების ლობისტი როგორიცაა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ფილიპინების დიქტატორი ფერდინანდ მარკოსი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი დიქტატორი მობუტუ სესე სეკო, ანგოლას სამხედრო გადატრიალების ლიდერი ჯონას სავიმბი და სხვები. როგორც ირკვევა, მანაფორტის კომპანიის ლობიზმით საქართველოდან გაქცეული იგორ გიორგაძეც სარგებლობდა.

კომენტარები