კაპანაძე: მოვუწოდებ ოცნებას, განმარტონ, რატომ არ დაუჭირეს მხარი ე.წ მაგნიტსკის სიას

პარლამენტი

ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართულ ოცნებას მოუწოდა განმარტონ, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი "მაგნიტსკის სიას", რომელიც ევროსაბჭოში, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიისას განიხილებოდა.

კაპანაძის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია აღნიშნულ სიაზე, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს "ოთხოზარია-ტატუნაშვილის" სია წარმოადგენს. მისი განმარტებით, ეს რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, გაავრცელოს სანქციები იმ ქვეყნებისა და ადამიანების მიმართ, რომლებიც უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს საქართველოდან მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა, ევროპული საქართველოდან გიორგი კანდელაკმა და დავით ბაქრაძემ დაუჭირა.

"მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ "ოთხოზარია-ტატუნაშვილის" სია ევროპული საქართველოს ინიცირებით იქნა მიღებული პარლამენტში შარშან, რასაც, თავის დროზე, მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ შემდგომ პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია. მისასალმებელია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არა მარტო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, არამედ მანამდე ევროპარლამენტმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ სიას. მაგრამ ამის პარალელურად არის სერიოზული კითხვები, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცევა ხელისუფლება და როგორ იქცევა ქართული ოცნება, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე. მაგალითად, გუშინ, როცა რეზოლუცია განიხილებოდა და კენჭისყრა იყო, ქართული ოცნების არც ერთ წევრს მხარი არ დაუჭერია. საუბარია იმაზე, რომ არა მარტო "ოთხოზარია-ტატუნაშვილის" კუთხითაა მნიშვნელოვანი, არამედ ზოგადად როგორც რეზოლუცია, რომელიც, მათ შორის რუსეთს, ოკუპანტ ქვეყანას, მოუწოდებს, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები. საქართველოს დელეგაციიდან ხელისუფლების წარმომადგენლების არც ერთი მხარდამჭერი პოზიცია არ დაფიქსირებულა, მათ დებატებშიც კი არ მიიღეს მონაწილეობა და არ დააფიქსირეს პოზიცია ამ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით. დოკუმენტს საქართველოდან მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა ევროპული საქართველოდან - გიორგი კანდელაკმა და დავით ბაქრაძემ დაუჭირეს. მე მივმართავ ქართულ ოცნებას, რომ მათ განმარტონ თავიანთი პოზიცია, რატომ არ დაუჭირეს ამ მნიშვნელოვან რეზოლუციას მხარი. ეს არის მორიგი მაამებლური ნაბიჯი რუსეთის მიმართ, თუ სხვა რაიმე საქციელი? როცა ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია განიხილება და ასამბლეაში დელეგაცია მონაწილეობს", - თქვა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივით, პარლამენტში "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" გასულ წელს შეიქმნა. ეს არის დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ.

რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

კომენტარები