აშშ-ის სენატი

აშშ-ის სენატი ტრამპის და დემოკრატების შეთავაზებულ კანონპროექტებს განიხილავს

Reuters

აშშ-ის სენატი ხვალ ორ კანონპროექტს განიხილავს, რამაც შესაძლოა მთავრობა ხელახლა აამუშავოს.

ერთ-ერთი კანონპროექტი, რომელსაც ხვალ კენჭს უყრიან დემოკრატიული პარტიის შემოთავაზებაა მთავრობის 3 კვირით დაფინანსების შესახებ, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ხარჯებს არ მოიცავს. წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მსგავს ბიუჯეტს ხელს არ მოაწერდა.

სენატის უმრავლესობის ლიდერი, რესპუბლიკელი მიტჩ მაკკონელი ამბობდა, რომ ბიუჯეტის ისეთ კანონს არ განიხილავდა, რომელზეც ტრამპი შემდეგ ხელს არ მოაწერდა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეიცვალა.

გარდა ამისა განიხილავენ დონალდ ტრამპის შემოთავაზებასაც, რომელიც სასაზღვრო კედლის ხარჯებთან ერთად დოკუმენტების არმქონე მიგრანტების დასახმარებლად შექმნილი პროგრამების, DACA -ს და TPS-ის დაფინანსებას და დეპორტაციისგან მათ 3 წლით დაცვას მოიცავს.

დემოკრატიულმა პარტიამ ტრამპის შემოთავაზება უკვე უარყო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე 32 დღეა დახურულია. მიზეზი ისაა, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს. უხელფასოდ მუშაობს ან უხელფასო შვებულებაშია სახელმწიფო უწყებების 800,000-მდე თანამშრომელი.

კომენტარები