აფეთქება დიდ დიღომში

ყაზტრანსგაზი: დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა, აფეთქების მიზეზი ჩვენთვის უცნობია

პირველი არხი

ყაზტრანსგაზ თბილისის მტკიცებით, დიდ დიღომში, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი აირის კონცენტრაციის დამდგენმა დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა. კომპანიის განცხადებით, აფეთქების მიზეზი მათთვის უცნობია. ამასთან, ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, კორპუსის რამდენიმე ბინაში გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო. კომპანიაში გაზის სუნის შესახებ ინფორმაცია 16 იანვრის განმავლობაში ორჯერ შევიდა.

"კომპანიის საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცეტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით „GASURVEYOR 3-500”-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა.

შემოწმების შედეგების შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი, რომელიც დამოწმებულია საავარიო ჯგუფის წარმომადგენლებისა და კონკრეტული განმცხადებლის ხელმოწერით.

იმავე დღის 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა სავარაუდოდ მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში. აღსანიშნავია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია" - აცხადებს ყაზტრანსგაზ თბილისი და აღნიშნავს, რომ კომპანია "მჭიდროდ თანამშრომლობს" საგამოძიებო ორგანოებთან.

"კომპანია დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულად და ობიექტურად ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების გაზიფიცირების საკითხს -  განვმარტავთ, რომ მოქმედი რეგულაციების თანახმად, თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, მოთხოვნილია მშენებარე, მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, განაწილების ლიცენზიანტი (კომპანია) ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა გაზიფიცირების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ერთობლივი განაცხადით მიმართავს ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა 50 პროცენტზე ნაკლები პირი.

მოცემულ შემთხვევაში, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გაზიფიკაციის მოთხოვნით მიმართა ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებთა 100-მა პროცენტმა, რისი გათვალისწინებითაც კომპანიამ დადგენილი წესით შეასრულა  გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები" - ნათქვამია განცხადებაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მცხოვრების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

სამშენებლო კომპანია "ელ ჯგუფის" წარმომადგენლის გრიგოლ ჭანტურიას მტკიცებით, მან გაზის სუნის შესახებ ინფორმაცია "ყაზტრანს გაზს" პირადად მიაწოდა. სწორედ "ელ ჯგუფმა" ააშენა ის კორპუსი, რომელიც გუშინ, დიდ დიღომში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა.

"გაზის სუნი არისო, აიღეს, დარეკეს. ბიჭებმა მითხრეს, დარეკილი გვაქვს გაზკანტორაშიო. შემდგომ ავიღე, მე ავკრიფე ნომერი, პირადად მივაწოდე ინფორმაცია, სახელი და გვარი განვუმარტე ჩემი და ვუთხარი - "საზარელი სუნი დგას სადარბაზოში და გთხოვთ, მობრძანდით". - კი ბატონო, მოვალთო. 40 წუთში მოვიდნენ, შევიდნენ და არანაირი საფრთხე არ არისო" - ამბობს ჭანტურია.

ყაზტრანსგაზის განცხადებით, კომპანია დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

კომენტარები