აფეთქება დიდ დიღომში

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი: მე დავურეკე ყაზტრანსგაზს, მოვიდნენ და საფრთხე არ არისო

სამშენებლო კომპანია "ელ ჯგუფის" წარმომადგენელი გრიგოლ ჭანტურია ამბობს, რომ მან გაზის სუნის შესახებ ინფორმაცია "ყაზტრანს გაზს" პირადად მიაწოდა. სწორედ "ელ ჯგუფმა" ააშენა ის კორპუსი, რომელიც გუშინ, დიდ დიღომში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა.

"გაზის სუნი არისო, აიღეს, დარეკეს. ბიჭებმა მითხრეს, დარეკილი გვაქვს გაზკანტორაშიო. შემდგომ ავიღე, მე ავკრიფე ნომერი, პირადად მივაწოდე ინფორმაცია, სახელი და გვარი განვუმარტე ჩემი და ვუთხარი - "საზარელი სუნი დგას სადარბაზოში და გთხოვთ, მობრძანდით". - კი ბატონო, მოვალთო. 40 წუთში მოვიდნენ, შევიდნენ და არანაირი საფრთხე არ არისო" - ამბობს ჭანტურია.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მცხოვრების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

ყაზტრანსგაზის განცხადებით, კომპანია დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები