Human Rights Watch-ის ანგარიში 2018

რეკლამის უფლება საზმაუს, იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა HRW-ის ანგარიშში

ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიშში, საქართველოს ვითარების შეფასებისას, ერთი თავი მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებას ეხება. 

ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში მაუწყებლობის შესახებ კანონი, რუსთავი 2, ტელეკომპანია იბერიის დახურვა, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან NGO-ების კრიტიკა მოხვდა.  

ანგარიშში ვკითხულობთ: 

"2017 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო კანონი მაუწყებლის შესახებ, რომლითაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, სხვა უპირატესობებთან ერთად, მიენიჭა უფლება, ეთერში კომერციული რეკლამა გაუშვას და ამით დამატებითი შემოსავალი მიიღოს. 

კერძო ტელეკომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს და გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ ბიუჯეტის თანხით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლა ისედაც სატელევიზო სარეკლამო ბაზარზე, რომელიც ისედაც მცირდება, საფრთხეს შეუქმნის პატარა, რეგიონალურ მაუწყებლებს და ძირს გამოუთხრის მედია პლურალიზმს. 

ამ მიზეზების გამო 2018 წლის იანვარში პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კანონს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ის დაძლია. 

საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიის, რუსთავი 2-ის ირგვლივ არსებული დავა მისი მფლობელების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ყოფილი მფლობელი ამტკიცებს, რომ ის იძულებული გახდა, ტელეკომპანია საბაზროზე ნაკლებ ფასად გაეყიდა და ახლა თავისი უფლებების აღდგენას ცდილობს. რუსთავი 2-ის ახლანდელი მფლობელები აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა მთავრობის მიერ არის მართული ოპოზიციურ არხზე კონტროლის დამყარების მიზნით. ამ დავამ გაზარდა წუხილი მედიაში მთავრობის ჩარევის შესახებ. 

ოქტომბერში ტელეკომპანია იბერიამ მაუწყებლობა შეწყვიტა და ამაში მმართველი გუნდი დაადანაშაულა. არხის ხელმძღვანელობის მტკიცებით, ხელისუფლება ცდილობდა, დაეხურა ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია და ამ მიზნით მათ იბერიას ფინანსური პრობლემები შეუქმნეს. არხის მფლობელების მტკიცებით, ხელისუფლებამ მფლობელებს არხი ფინანსური დავალიანების სანაცვლოდ ჩამოართვა. მმართველმა გუნდმა ბრალდებები უარყო. 

ოქტომბერში ხელისუფლების მრავალი წარმომადგენელი განცხადებებით თავს დაესხა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ძირითადმა 13-მა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა და ელიტურ კორუფციაზე ისაუბრა. საქართველოს სახალხო დამცველმა ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები უარყოფითად შეაფასა". 

კომენტარები