ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი

საგარეო: დე ფაქტო ლიდერების ვენესუელაში ვიზიტი, ოკუპაციის ლეგიტიმაციას ემსახურება

საგარეო საქმეთა სამინსტრო

2019 წლის 10 იანვარს ვენესუელაში დაგეგმილ "ინაუგურაციასთან" დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას.

მათი თქმით, სამინისტროს დაუფიქსირებია თავისი მწვავე პოზიცია ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით.

"საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული.

ამ ფონზე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერების მონაწილეობა "ინაუგურაციის" ცერემონიაში ემსახურება ერთადერთ ამოცანას, მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით. აღნიშნული უკანონო მცდელობა არის უშედეგო, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში. ის სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც იწვევს მათ გარიყვას და მწვავე კრიტიკის ქვეშ მოქცევას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან",- წერია საგარეოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

10-11 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ მაისში ნიკოლას მადურომ ვენესუელას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 67,7% დააგროვა და ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 46%-მა მიიღო.

კომენტარები