ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი

ხაჯიმბა და ბიბილოვი ვენესუელაში მადუროს ინაუგურაციას დაესწრებიან

Facebook

10-11 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ინაუგურაციას დაესწრებიან.

ამის შესახებ ხაჯიმბას Facebook გვერდზე წერია. ამავე წყაროს მიხედვით ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ ხაჯიმბა და მადურო ვენესუელას და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ მაისში ნიკოლას მადურომ ვენესუელას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 67,7% დააგროვა და ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება.

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 46%-მა მიიღო.

ოპოზიცია მადუროს არჩევნების გაყალბებაში და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მათმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგან მთავრობამ რამდენიმე წლის წინ თავისუფალი სავალუტო ოპერაციები აკრძალა.

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოსახლეობას კურდღლების ყოლისკენაც კი მოუწოდა, რადგანაც, "კურდღლები კურდღლებივით მრავლდებიან", მათი ხორცის მიღება კი იაფი ჯდება. სახელმწიფომ მოსახლეობას "საჯიშე" კურდღლები უსასყიდლოდ გადასცა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი ნიკოლას მადუროს მიერ პარლამენტისთვის უფლებების ჩამორთმევას და მთავრობის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული "საკონსტიტუციო ასამბლეის" დაფუძნებისთვის გამართულ არჩევნებს მოჰყვა.

სახელმწიფომ პროტესტის ჩასახშობად სამხედროებიც გამოიყენა, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს 164 ადამიანი ემსხვერპლა 15,000 კი დაშავდა.

გაეროს ინფორმაციით 2015 წელის შემდეგ ვენესუელა ორ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები