იმპერატორი აკიჰიტო

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო სამეფო ტახტს ტოვებს - ნახეთ მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა

BBC

იმპერატორმა აკიჰიტომ 80,000 ადამიანის წინ დაბადების დღის უკანასკნელი მიმართვა გააკეთა, სანამ ის აპრილში ტახტს დატოვებს.

იმპერატორის თქმით, მას ძალიან უხარია, რომ მისი იმპერატორობის პერიოდში იაპონია ახალ ომში არ ჩართულა.

მიმართვის დროს მან იაპონელ ხალხსა და თავის ცოლს, მიჩიკოს მადლობა გადაუხადა.

აკიჰიტო პირველი მონარქია ბოლო 200 წლის განმავლობაში, რომელმაც სიცოცხლეში სამეფო ტახტზე უარი თქვა.

იმპერატორმა გულის ოპერაცია გადაიტანა და პროსტატის კიბოს ებრძვის. მას აპრილში თავისი უფროსი ვაჟი ნარუჰიტო შეცვლის.

იმპერატორის 30-წლიანი მმართველობა ცნობილია, როგორც “სიმშვიდის ერა”.

თავისი მიმართვის დროს, იმპერატორმა აკიჰიტომ თანაგრძნობა გამოხატა იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც ოჯახის წევრები წელს მომხდარი სტიქიური უბედურებების დროს დაკარგეს.

მიუხედავად იმისა, რომ აკიჰიტოს პოზიცია ფორმალურია და მას პოლიტიკური ძალა არ აქვს, იმპერატორობის უდიდესი ნაწილი აკიჰიტომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის ქმედებებზე ცნობიერების ამაღლებაში გაატარა. მან წუხილი გამოხატა იაპონიის სამხედრო ქმედებებზე ჩინეთსა და კორეაში - “მნიშვნელოვანია, რომ არ დავივიწყოთ მეორე მსოფლიო ომში დაკარგული უამრავი სიცოცხლე... და მივაწოდოთ ეს ისტორია სიზუსტით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაბადებულებს.”

თავის მიმართვაში, იმპერატორმა აკიჰიტომ იმედი გამოთქვა, რომ იაპონია ახალი კანონის ქვეშ მეტ უცხოელს იმიგრანტს მიიღებს, რაც იაპონიის ასაკოვან მოსახლეობას სამუშაო დეფიციტის აღმოფხვრაში დაეხმარება.

იაპონიას მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს და ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე უცხოელ მომუშავებს იღებს.

კომენტარები