ქართველი ე.წ კანონიერი ქურდები

ქართველ ე.წ კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას ნიუ-იორკის სასამართლომ 45 წელი მიუსაჯა

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ 41 წლის ქართველ ე.წ კანონიერ ქურდს, რაჟდენ შულაიას, იგივე რაჟდენ პიტერსკის, იგივე რომას, 45-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსულენოვანი BBC ავრცელებს. 

ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურამ ის დამნაშავედ ცნო 5 მუხლით, რომელთა შორისაც არის დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა, ძარცვა და რეკეტი. პროკურატურა შულაიაზე საუბრისას ამბობს, რომ ის აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში ჩადენილი დანაშაულებების მთავარი მოქმედი პირი იყო.  

ბრალდების მხარე სასამართლოს სთხოვდა, შულაიასთვის თავისუფლება 65 წლით აღეკვეთათ. მოსამართლე ლორეტა პრესკა, როგორც აღმოჩნდა, რეკომენდაციებისადმი სოლიდარული აღმოჩნდა, რადგანაც განაჩენის გამოტანამდე შეამჩნია, რომ შულაია არანაირ სინდისის ქენჯნას არ გრძნობას და მცირე იყო იმის ალბათობა, რომ ის ციხეში გამოსწორებულიყო, შესაბამისად, ერთადერთი საშუალება, რომ შულაია საზოგადოებისთვის აერიდებინა, მისი რაც შეიძლებოდა, დიდი ხნით ციხეში ჩასმა იყო. 

თუკი შულაია ციხეში კარგად მოიქცევა, მას სასჯელის 15% მოეხსნება. ასეთ შემთხვევაშიც კი, ის საპატიმროს დატოვებისას 70-ზე მეტი წლის იქნება და მას მაშინვე რუსეთში დააბრუნებენ, რომელიც მან 2010 წელს დატოვა. 

CNN-თან საუბრისას, შულაიას ერთერთმა ნაცნობმა აღნიშნა, რომ ე.წ კანონიერმა ქურდმა რუსეთი სასჯელისგან თავის არიდების მიზნით დატოვა. პროკურორების თქმით, მომდევნო სამი წელი მან ევროპაში გაატარა, კერძოდ ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი იტალიაში, სადაც ე.წ კანონიერ ქურდად "მოინათლა". 

სასამართლოსთვის გაგზავნილ დოკუმენტში პროკურატურა წერს, რომ 2014 წელს, აშშ-ში ჩასვლიდან მალევე, შულაია კონფრონტაციაში შევიდა ერთერთ კონკურენტ დაჯგუფებასთან, რომლებიც ეთნიკურად სომხებისგან შედგებოდა. თავის თანაგუნდელებთან ერთად, მათ შორის, ზურაბ ჯანაშვილთან ერთად, რომელმაც მოგვიანებით სასამართლოზე მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, მამუკა ჩაგანავასთან და კიდევ 20 ადამიანთან ერთად, შულაია ბრუკლინის საბილიარდოში მივიდა, სადაც კონკურენტ დაჯგუფებას თავს დაესხა. ეთნიკურად სომხებისგან შექმნილ დაჯგუფებაში რაოდენობრივად ნაკლები იყვნენ, თანაც შულაიას და მის გუნდს თან 4 ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. 

შულაიამ და მისმა დაჯგუფებამ დაპირისპირებული დაჯგუფების წევრებს ტანსაცმელი შემოახიეს და ოფისის მეორე სართულზე აიყვანეს, სადაც შულაია მათ უყვიროდა და იარაღით ემუქრებოდა. მათთან გასწორების შემდეგ, შულაია თავის ნათესავზე გაბრაზდა, რომელსაც იქვე სცემდა, მოგვიანებით კი, თავის თანაგუნდელს, ნიკოლოზ ჯიქიას, დაესხა თავს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ჯიქიამ დაპირისპირებული დაჯგუფების ერთერთ წევრს საათი წაართვა. 

შულაიას ადვოკატმა, ენტონი სეკუტმა, რომელსაც ის გამუდმებით ეჩხუბებოდა, სასამართლოზე შოუ დადგა, წერს რუსულენოვანი BBC. კერძოდ, ადვოკატი წავიდა სანკტ-პეტერბურგში, გამოკითხავ შულაიას მასწავლებლები, მისი პატარა გოგო შვილი, დედა და მეგობრები და ნიუ-იორკში გულისამაჩუყებელი ისტორიებით დაბრუნდა იმის შესახებ, როგორი რთული ცხოვრება ჰქონდა შულაიას, რომელიც 12 წლის ასაკში გაიტაცეს და 28 წლის ასაკში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

გადაწყვეტილების გამოტანამდე 1 დღით ადრე სასამართლომ ბრუკლინელი ადვოკატის იგორ ნაიმანისგან წერილი მიიღო, რომელმაც განაცხადა, რომ შულაიამ ის თავის ადვოკატად დანიშნა და სეკუტი შულაიას ყოფილი ადვოკატი იყო. ნაიმანი სასამართლოს სთხოვდა, პროცესი კიდევ ერთხელ გადაედოთ, რადგან ოთხშაბათს ის ახლობლის პანაშვიდზე უნდა მისულიყო. 

როგორც გამოცემა წერს, ოთხშაბათს ნაიმანი შულაიასგან მარჯვნივ იჯდა და მას რუსულ ენაზე ელაპარაკებოდა, შემდეგ კი მოსამართლეს სთხოვდა, პროცესი გადაეტანათ და კიდევ ერთი მოსმენა ჩაენიშნათ. მოსამართლემ შუამდგომლობაზე უარი განაცხადა და შულაიას შესთავაზა, ბოლო სიტყვა ეთქვა. 

როგორც კი შულაია ბოლო სიტყვის სათქმელად წამოიმართა, მარცხენა მხრიდან სეკუტმა მოქაჩა და სთხოვა, არაფერი ეთქვა. შულაიამ მას დაუჯერა და მხოლოდ ეს თქვა:

"არ ვიცი, რა ვთქვა. მადლობა!"

სასამართლომ ბიუჯეტის სასარგებლობ შულაიას $2.2 მილიონი დააკისრა. შულაიას, ასევე, დაეკისრა, კომპენსაციის სახით $550 000-ის გადახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, რომელიც შულაიას დაჯგუფების წევრმა, ნაზო გაფრინდაშვილმა, გაქურდა. გაფრინდაშვილი შშმ პირის მომვლელად მუშაობდა. აღებული ფული მან შულაიას გაუნაწილა. 

კომენტარები