ჯორჯ ბუშ უფროსი

ჯორჯ ბუშ უფროსი ღარიბ ფილიპინელ ბიჭს 10 წლის განმავლობაში ჩუმად აფინანსებდა და წერილებს წერდა

ჯორჯ ბუშ უფროსი
Variety

საქველმოქმედო ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი, რომელიც ნოემბერში 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, ფილიპინელ ბიჭს 10 წლის განმავლობაში აფინანსებდა.

ბუში 7 წლის ბიჭს სწავლისა და საჭმლის ფულით აფინანსებდა და მას წერილებსაც წერდა, თუმცა ამ ყველაფრისთვის ჯორჯ უოლკერის ფსევდონიმს იყენებდა. შესაბამისად, როდესაც ბუშმა მისი დაფინანსება დაიწყო, ტიმოთის წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ის. 

ტიმოთი თავისი მენტორის იდენტობის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც 17 წლის გახდა და საქველმოქმედო სქემა დატოვა. 

საქველმოქმედო ორგანიზაციამ წერილების ნაწილი ჯერ კოლორადოში არსებულ გაზეთს გადასცა, მოგვიანებით კი, CNN-ს.

"ძვირფასო ტიმოთი, მე მინდა, რომ შენი ახალი ვირტუალური მეგობარი ვიყო" - წერდა ბუში 2001 წელს ტიმოთისადმი მიძღვნილ პირველ წერილში, სადაც ფსევდონიმად თავის პირველი და მესამე სახელების კომბინაციას იყენებდა - "მე მოხუცი კაცი ვარ, 77 წლის, მაგრამ ბავშვები ძალიან მიყვარს და მიუხედავად იმისა, რომ მე და შენ არსადროს შევხვედრილვართ, უკვე მიყვარხარ. მე ტეხასში ვცხოვრობ. დრო და დრო მოგწერ ხოლმე. წარმატებები".

"გსმენია რამე თეთრი სახლის შესახებ?"

Compassion International-ი ქრისტიანული, ჰუმანიტარული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც გაჭირვებაში მცხოვრებ ბავშვებს ეხმარება. ყოფილმა პრეზიდენტმა პირველად ამ ორგანიზაციის და მისი სქემის შესახებ 2001 წელს, ვაშინგტონში გამართული საშობაო კონცერტის დროს გაიგო.

ბუშმა თავისი იდენტობა იმ პრობლემების გამო დაფარა, რაც შესაძლოა, ტიმოთის შექმნოდა საზოგადოების მხრიდან, თუკი ხალხი გაიგებდა, რომ მას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან ჰქონდა მიმოწერა.

თუმცა, საქველმოქმედო ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტის, უეს სტეფორდის, თქმით, რომელმაც ბუშის ყველა წერილი დაასკანერა, ყოფილი პრეზიდენტი თავის წერილებში ბიჭს თავისი იდენტობის შესახებ მინიშნებებს აძლევდა.

"ის ცნობილი იყო ხრიკების ჩატარებით", - უთხრა სტეფორდმა BBC-ის.

"ტიმოთი, ოდესმე გსმენია თეთრი სახლის შესახებ?" - ჰკითხა ბუშმა პატარა ბიჭს თავის ერთერთ წერილში - "იქ აშშ-ის პრეზიდენტი ცხოვრობს. შობის დროს მიწევს ხოლმე თეთრ სახლში მისვლა. აი, ბუკლეტი, რომელიც ვაშინგტონში მდებარე თეთრი სახლიდან წამოვიღე".

სტეფორდი ამბობს, რომ წერილების შესახებ ბუშის ოჯახმაც კი არაფერი იცოდა.

ის ბუშის ცოლს, ლორას, და შვილს, ჯორჯს, 2008 წელს შეხვდა და დაფინანსების შესახებ მოუყვა. 

"ლორას აეტირა" - თქვა სტეფორდმა. მისივე თქმით, ჯორჯ ბუშ უმცროსი ცოტა ხნით დაფიქრდა, მერე კი თქვა: "კი, მამაჩემის საქციელს ჰგავს".

წერილებთან ერთად, ბუში ფილიპინელ ბიჭს საჩუქრებსაც უგზავნიდა. ბუში უკუწერილებსაც იღებდა, სადაც ტიმოთი მას საჩუქრებისთვის მადლობას უხდიდა.

"მადლობა, რომ არ დაგავიწყდი. შენ ისეთი არაჩვეულებრივი და კარგი ხარ" - წერდა ტიმოთი ბუშისთვის გაგზავნილ ერთერთ წერილში.

როდესაც ტიმოთიმ გაიგო, ვინ იყო მისი მენტორი, მან თქვა, რომ ეს მის ცხოვრებას შეცვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციას ამის შემდეგ მასთან დაკავშირების შესაძლებლობა აღარ მიეცა.

"ძალიან მიხარია, რომ მსოფლიოს ერთერთმა ყველაზე ძლევამოსილმა კაცმა, ყველანაირი ბენეფიტის გარეშე, მსოფლიოში ერთერთ ყველაზე გაჭირვებულ ბავშვებამდე მიაღწია. ასეთი გრძნობა მაქვს, რომ მან ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცით და ძალიან ბევრის შესახებ, სავარაუდოდ, ვერც ვერაფერს გავიგებთ," - ამბობს სტეფორდი.

კომენტარები